Home » მთავარი » უყარდათ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გვეცილებოდნენ მის ბებიობას…

უყარდათ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გვეცილებოდნენ მის ბებიობას…

ყველასათვის საყვარელი მსახიობი, სესილია თაყაიშვილი დაიბადა 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში. 

დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინემატოგრაფიაში, სადაც 1948 წლიდან მოღვაწეობდა. ამაყი და მიუკარებელი, მკაცრი, მაგრამ ყველასათვის სათნო, მანანასა და ზურიკელას ბებია, უყარდათ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გვეცილებოდნენ მის ბებიობას. ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა როცა სესილია თაყაიშვილი ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” იხილა, თქვა: ,,ეს თქვენი კი არა ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვინციაშიც ცხოვრობსო.”

626

სესილია თაყაიშვილს არ უყვარდა თავისი თავის ხილვა ფილმებში და გადაღებებზეც დისკომფორტს განიცდიდა: – “არ მიყვარს კინოაპარატი, იგი თავიდანვე მაშინებს, მთელი ფიქრი და გრძნობა მასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მერე დრამატურგიული სახე ნთქავს ყოველივეს და ერთადერთი ამოცანა – მოვატყუო, გამოვთიშო ჩემი შეგნებიდან ეს აპარატი – მთლიანად მიპყრობს. როგორც კი არ ვგრძნობ ხოლმე აპარატს, მუშაობა გაცილებით მიადვილდება”. ერთ-ერთ თავის უკანასკნელ ინტერბიუში მსახიობი ამბობდა: “არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი – რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა”.

 

სესილიას მეუღლე გახლდათ მსახიობი ვასო გოძიაშვილი, რომლისგანაც შეეძინა ერთადერთი შვილი – დათო. ვასოს ძალიან უყვარდა სესილია, მაგრამ გამოუსწორებელი მექალთანე იყო. ექვსი წლის შემდეგ დაცილდნენ ერთმანეთს. სესილა სიამაყით ამბობდა: ,,მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო”. პატიება ვერ შეძლო, მაგრამ მისი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდის შეინახა და უკანსკნელ გზაზეც ღირსეულად გააცილა.

სესილიას არ უყვარდა ხალხის შეწუხება, იცხოვრა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით და ამ ქვეყნიდან მიმავალმა ანდერძად დატოვა:

,,ვთხოვ, ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხმოდრეკილი გეხვეწებით, დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს, საბურთალოში თუ შეიძლება. რა საჭიროა საპატიო ყარაული. ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები: ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას.”

სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა 1984 წლის მაისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...