Home » მთავარი » NDI-ს კვლევის შედეგები და შეფასებები

NDI-ს კვლევის შედეგები და შეფასებები

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 60% მთავრობის საქმიანობას “ცუდად” აფასებს. 

ამავე კვლევის თანახმად, პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასება იზრდება. საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა (64 პროცენტი) და იუსტიციის სახლების (57 პროცენტი) საქმიანობა შეფასდა.

NDI-ის კვლევის თანახმად, თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას კვლავაც უმეტესად დადებითად აფასებენ.

“გასული წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის შეფასება გაუარესდა, რაც სავარაუდოდ, მოსახლეობის მიერ ქვეყნის მიმართულებისა და ეკონომიკის ცუდ შეფასებასთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა.

კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის 1,7%. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

კითხვაზე-ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიებს მისცემდნენ ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 20 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ 9 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 4-4 პროცენტი. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 26 პროცენტს.

ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პირველი არჩევანის შემთხვევაში პასუხები ასეთია:

„არც ერთი პარტია“ – 45 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 9 პროცენტი, „არ ვიცი“ – 6 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – 4 პროცენტი, „სხვა“ – 9 პროცენტი.

კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას, გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს, ხოლო 12% – კარგად, საშუალოდ პრეზიდენტის საქმიანობას 36% აფასებს. 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 68 პროცენტი აცხადებს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა; 22 % კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ივნისის აქციის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, 14% მიიჩნევს, რომ მოვლენებზე ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი. გამოკითხულთა 9% გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს, ხოლო 8% მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი.

კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის  32% პარლამენტის საქმიანობს ცუდად აფასებს, 10% კი ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ პარლამენტი საშუალოდ საქმიანობას, 8% კი პარლამენტის მუშაობას დადებითად აფასებს.

ამ შედეგების მიხედვით, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს.

კვლევას უკვე მოჰყვა გამოხმაურება.

ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში გამოჩნდა, რომ “NDI, IRI და სხვა ასეთი ტიპის ავტორიტეტული ინსტიტუციების ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც ადგილზეა”. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვიცეპრემიერის თქმით, გარკვეულ პრობლემებს, რომლებიც NDI-ის კვლევაში იყო ჩამოთვლილი, ხელისუფლება თავად აყენებს: “იცით, რომ სიღარიბე არის ჩვენი გამოწვევა, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, ჩვენი მოსახლეობის დასაქმება და ასეთი ტიპის საკითხები არის ჩვენი ძირითადი გამოწვევები და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ისინი გადავლახოთ. არ დავეთანხმები იმ შეფასებას, რომ მთავრობის მუშაობა არის უარყოფითად შეფასებული, ჩვენ, უპირველესად, საკუთარ თავს ვთხოვთ მეტს ყოველდღიურ რეჟიმში. ვიცით, რომ მოსახლეობის მოთხოვნაც ხელისუფლების და მთავრობის მიმართ იზრდება და პირველ რიგში, ჩვენ თვითონვე ვუწყობთ ხელს იმას, რომ მოსახლეობა უფრო მეტად აკონტროლებდეს და სთხოვდეს ხელისუფლებას”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...