Home » ექსკლუზივი » “მეგრელამ” თავის ფილმში მელ გიბსონი გამოიწვია…

“მეგრელამ” თავის ფილმში მელ გიბსონი გამოიწვია…

თინა მარსაგიშვილი

 

ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი მეგრელიშვილი, დაიბადა თბილისში, 1976 წლის 10 მარტს. მრავალწლიან სამსახიობო კარიერაში მას ბევრი მიღწევა აქვს, თუმცა ამავდროულად, ორი აღიარებული ფილმის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორიც გახლავთ.

ამერიკული კომპანიის „ ნეტფლიქსის“ მიერ გადაღებულ ფილმში სახელწოდებით-„ საკანი“ მთავარი როლი შეასრულა და შეიძლება ითქვას, რომ იმ პროფესიულ მიზნებს ნამდვილად აღწევს, რომლებსაც ბავშვობიდან ისახავდა.

-„ყველა სურვილი ხომ ბავშვობიდან მოდის, რაც თავი მახსოვს სულ მინდოდა, რომ ხალხს მოვწონებოდი და რაღაც კარგი გამეკეთებინა, მინდოდა ეთქვათ კარგად თამაშობსო, მეტწილად ცუდ როლებს, მაგრამ კარგად“ – ამბობს მსახიობი.

თუ რა იყო მისი ინსპირაციის წყარო ამ პროფესიის არჩევისა, მკაფიოდ გადმოსცა:

– „ ბავშვობაში თეატრი უფრო იყო და ხშირად იქ დავდიოდი . ქართული თეატრიდან და მისი მსახიობებიდან გამომდინარეობს ჩემი სიყვარული ამ პროფესიისადმი. რუსული კინოები კი დღემდე მიყვარს, როგორიცაა „ომი და მშვიდობა“. ვფიქრობ, რომ მაგ ფილმზე ვარ გაზრდილი. უცხოეთში თუ გადავალთ ჩარლი ჩაპლინი და ფელინი. თუმცა ჩარლი ჩაპლინის შემდეგ თითქოს ახალი არაფერი გამოგონილა“.

კარგი მსახიობისთვის შეუძლებელია ზუსტი კრიტერიუმების დაწესება, თუმცა გიორგი მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ სხვამ უნდა შეგაფასოს.

-„შესაძლოა ბევრი შეცდომა დამიშვია, როგორც მსახიობს , არა როგორც რეჟისორს ან ტელეწამყვანს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ გარკვეულ თამასამდე ავიყვანო თამაშის ხერხი. არსებობენ მსახიობები რომლებიც ერთ ფილმში ითამაშებენ ან სპექტაკლში და მერე ჩაიკეტებიან თავიანთ სამყაროში და არ მესმის ეს პრინციპი“ .
აღსანიშნავია, მსახიობის დამოკიდებულება კოლეგების კარჩაკეტილობასთან მიმართებაში, რადგან მისი თქმით, კარგ მსახიობს ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ხალხთან. თავად კი საკუთარ თავს მიიჩნევს პროფესიონალად და ამბობს, რომ როლის შესრულების ხარისხი დამოკიდებულია იმაზეც თუ ვისთან ერთად უწევს მუშაობა. საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ და ერთ-ერთი მისი წარმატების მიზეზი სწორედ ეს არის.

მსახიობის სადებიუტო ფილმი იყო ლევან ზაქარეიშვილის – „ თბილისი თბილისი“.

ფილმი სახელწოდებით- „იბრძოლე“ საუკეთესო გამოცდილებად მიაჩნია – „ ის ჩემი ხელმოწერაა. ძალიან იმოქმედა და არ მეგონა თუ ჩემს სულს გავაშიშვლებდი. შევძელი მეჩვენებინა ის საიდუმლოებები, რომელიც ჩემ პროფესიას თან ახლავს“. მან გადაიღო ფილმი „ჰამლეტის“, თანამედროვე ვერსია , რომლის გადაღებამდე ძალიან ბევრ სირთულეს წააწყდა. საბოლოო ჯამში კი ფილმი კარგი გამოვიდა.

-„ძალიან მინდა გვერდით მედგნენ მელ გიბსონი და ბრედ პიტი. სხვათაშორის ჩაფიქრებული მაქვს რაღაცის გადაღება მათთან ერთად. გიჟურად ჟღერს, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს. მიმოწერა მაქვს მელ გიბსონის აფენტთან და შესაძლოა თავად გიფსონიც დათანხმდეს ჩემს შემოთავაზებას “ – ამბობს გიორგი მეგრელიშვილი.

ნეტფლიქსის მიერ გადაღებულ ფილმ- საკანში მთავარი და საპასუხისმგებლო როლი მიანიჭეს, რომელსაც უკავშირებს თავის ოჯახის ტრაგედიას- „ ბიძაჩემი დახვრიტეს, ამ მაგალითზე ვარ გაზრდილი და როგორც მსახიობს , მსურდა განმეცადა იგივე, რაც მან განიცადა. ვცდილობდი მის ამპლუაში ყოფნას“.

მიუხედავად მისი საინტერესო პროფესიული გამოცდილებისა ჰქონია პერიოდი, როდესაც მსახიობობაზე უარის თქმის სურვილი გასჩენია, რადგან მისი აზრით, საქართველოში რთულია თავის დამკვიდრება. ქართულ კინოს პერსპექტიულად არ მიიჩნევს და თამამად აღიარებს, რომ დამფინანსებლები განსხვავებული ხედვების მქონე ადამიანებს არ აძლევენ რაიმე ახალის შექმნის საშუალებას.

გიორგი მეგრელიშვილი 2002 წელს დაქორწინდა. ოჯახი კარიერულ წინსვლაში ხელისშემშლელ ფაქტორს არასოდეს წარმოადგენდა , თუმცა „ მომავალ წელს შეიძლება ამერიკაში გადავსახლდე და ძალიან მიჭირს ოჯახის დატოვება, მაგრამ ოჯახი შენს გიჟურ ცხოვრებას ერგება“ -ამბობს მსახიობი.

მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. „ რაღაც კარგი სერიალის გადაღებას ვფიქრობ, რაც შეეხება ბულინგს, ასევე მინდა თეატრალური პიესის დადგმა, ფილმის გადაღება და გაზეთების საინტერესო მიმოხილვა ჩემ სფეროსთან დაკავშირებით“.

მომავალში მსახიობი ბევრ ახალ გამოწვევას ელის და რაც მთავარია, მელ გიბსონის პასუხს.

 

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...