Home » ეკონომიკა » “2020 წლის ბიუჯეტის პროექტი პოპულისტურია და ეკონომიკასთან შინაარსობრივი კავშირი არ აქვს”

“2020 წლის ბიუჯეტის პროექტი პოპულისტურია და ეკონომიკასთან შინაარსობრივი კავშირი არ აქვს”

2020 წლის ბიუჯეტის პროექტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ GMTV ეკონომისტ ოთარ ფანცულაიას დაუკავშრდა.

-2020 წლის ბიუჯეტის პროექტს საზოგადოებაში და ეკონომიკურ ექსპერტთა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შარშანდელთან შედარებით ის 1,2 მლრდ. ლარით გაიზარდა. ბიუჯეტი გათვლილია ეკონომიკის 5%-იან ზრდაზე და ძირითადად ატარებს სოციალურ ხასიათს. ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ეკონომიკური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას, რასაც პრემიერი კატეგორიულად უარყოფს.

რაც შეეხება ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ექსპერტებს, ისინი ზომიერი კომენტარებით შემოიფარგლებიან. საინტერესოა რომ სოციალური პროექტების დაწყება დროში ემთხვევა წინასაარჩევნო ციებ-ცხელებას, რაც დიდი ალბათობით მნიშვნელოვან კორექტირებას შეიტანს არჩევნების შედეგებში. ასე მაგალითად ივლისიდან 100 ლარით მოიმატებს სოფლის ექიმების ანაზღაურება, 125 ლარით სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირების ხელფასები… ივლისიდან 50 ლარით იზრდება პენსია, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერები დამატებით მიიღებენ 30 ლარს. სექტემბრიდან 300 ლარით გაიზრდება სკოლის მასწავლებლების ხელფასი, 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღების მასწავლებელთა ხელფასები. ასევე საინტერესოა, რომ ახლად შექმნილი „ახლგაზრდობის სააგენტო“, რომელიც უშუალოდ პრემიერის დაქვემდებარებაშია, ბიუჯეტიდან დაფინანსდება 5 მილიონი ლარით. როგორც აცხადებენ, სააგენტოში 48 ახალგაზრდა დასაქმდება. მის ფუნქციებში შედის მაგალითად „თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად ხარჯვის ორგანიზება“.

ბიუჯეტით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო დამატებით აიღებს საგარეო ვალს 2 მლრდ. ლარის მოცულობით.. ნ.თურნავას განცხადებით დამატებითი თანხების მობილიზებისთვის აუქციონზე გამოვა სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ობიექტები, რომლებიც არ არიან ეკონომიკური ფუნქციით დატვირთულები და ამგვარად წარმოიქმნება ახალი კაპიტალი.

საგარეო ვალების მომსახურებისთვის გათვლილია 1 მლრდ. ლარი, რაც მშპ-ს 2,1 % შეადგენს. მიმდინარე ხარჯები 11,3 მლრდ. ლარია, რაც მშპ-ს 23,5%-ია, ხოლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 3,7 მლრდ. ლარი, ანუ მშპ-ს 7,6 %. კეთილი, ძირითადი პარამეტრები გასაგებია. მოდით გადავიდეთ შეფასებაზე და მოლოდინებზე.

1.ბიუჯეტი ცალსახად სოციალისტურია და ის არ ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ანუ ის ვერ შეუწყობს ხელს საშუალო ფენის წარმოქმნას და გაძლიერებას;

2.პენსიების და ხელფასების ზრდა სავარაუდოდ მომავალი წლის ბოლომდე გადაიფარება პროდუქციის გაძვირებით და გარდაუვალი ინფლაციით, რომელიც დიდი ალბათობით გადააჭარბებს 5%-იან ზღვარს;

3.არჩევნებამდე ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) მოუწევს მოკლევადიანი პრევენციის მიზნით რეზერვების ხარჯვა, რაც მომდევნო პერიოდში ასახვას ჰპოვებს ეკონომიკურ მდგრადობაზე;

4. თუკი სავარაუდო ეკონომიკურ ზრდაში ვიგულისხმებთ დინამიკას ლარებში, და არა მყარ ვალუტაში (აშშ დოლარში), დიდი ალბათობით რეალური ეკონომიკის ზრდის მოლოდინი ვერ გვექნება.

5.თუკი პენსიებისა და ხელფასების ზრდით მთავრობა მიზნად ისახავდა ბანკებში უმოძრაოდ და უსარგებლოდ დალექილი ფულის ეკონომიკაში დაბრუნებას, მაშინ მან საეჭვო გზა აირჩია. ეჭვის საფუძველს ქმნის სებ-ის მიერ გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი, რამაც ფული კიდევ უფრო გააძვირა და გაართულა მასზე ხელმისაწვდომობა.

დასკვნა: 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ფუნდამენტალურად პოპულისტურია და მას რეალურად ეკონომიკასთან შინაარსობრივი კავშირი არ აქვს. სამწუხაროდ ბიუჯეტის მიზანი შავით თეთრზე ჩანს – საარჩევნო ხმების მობილიზება, რაც ძალიან ჰგავს სახელმწიფო სახსრების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას. ჩემთვის გასაგებია და მისაღებია ის კრიტიკა, რაც ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაჟღერებულა, თუმცა უნდა აღვნიშნო ის ნეგატიური მომენტი, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციურ ფლანგს დღემდე არ წარმოუდგენია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული კონცეფცია, რათა ხელთ გვქონოდა შედარების საშუალება.

Facebook Comments
x

Check Also

პრეზიდენტმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა

მარიამ ახალკაცი სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩვენი მიზანი არის, რომ ახალი კონსტიტუციისთვის ახალი პირობები, ჩარჩო შევქმნათ. ...