Home » მთავარი » პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის საკანონმდებლო წინადადება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის საკანონმდებლო წინადადება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის საკანონმდებლო წინადადება.

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა პირველი მოსმენით „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, კანონში ცვლილების შეტანის საინიციატივო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია მუნიციპალურ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციების განთავსების წესმა უპასუხოს თანამედროვე ხელოვნების განვითარების მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ, ცნება „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება)“ უნდა ჩანაცვლდეს უფრო ფართო გაგებით — „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია“.

როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, თანამედროვე ხელოვნებაში გაჩნდა ახალი მიმართულებები და პრაქტიკამ გამოავლინა ცნების გაფართოების საჭიროება. საკანონმდებლო ცვლილებაში წარმოდგენილი ცნება „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია“ შემუშავდა სფეროს ექსპერტებთან, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციასთან და ხელოვანებთან ერთად.

თამარ ტალიაშვილის თქმით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, მუშაობს ახალ დადგენილებაზე — „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/გადაადგილების/დემონტაჟის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“. ამ მიმართულებით მუშაობა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია როგორც ტურისტების მოწვევის თვალსაზრისით, ისე ახალი კრეატიული ინიციატივებისა და შემოქმედი ადამიანების ხელშეწყობისთვის.

Facebook Comments
x

Check Also

ქართული ოცნების წევრი ფეისბუქზე ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს აგინებს

მარიამ ახალკაცი თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს ...