Home » მთავარი » ხომერიკი და რუსული პროპაგანდა – ახალციხეში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა

ხომერიკი და რუსული პროპაგანდა – ახალციხეში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა

“სამხრეთის კარიბჭე”

ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენის იდეით, ახალციხეში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა. მისი წევრები ამბობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას სახალხო დიპლომატიის გზით მოაგვარებენ. ორგანიზაციამ რუსულ მხარეს პირველი მესიჯიც გაუგზავნა და 50 რუსი ახალგაზრდა საქართველოში მოიწვია.

ორგანიზაციამ, სახელწოდებით „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“, ახალციხეში პირველი შეხვედრა 20 ოქტომბერს გამართა. მას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან დაახლოებით ასამდე ადამიანი ესწრებოდა, მათთან ერთად იმყოფებოდა პუტინთან დაახლოებული პირი და „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის იდეით დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ახალციხის გამგებლის ყოფილი მრჩეველი და ტურისტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის „მესხური კოშკის“ ხელმძღვანელი გოჩა პარუნაშვილი უხელმძღვანელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და მისი მოგვარება სახალხო დიპლომატიის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

„გეგმებში შედის ის, რომ დათბეს ერთა შორის ურთიერთობები და ვიმეგობროთ. აღდგეს ეკონომიკური ურთიერთობები, უვიზო მიმოსვლა, გაცვლითი პროგრამები. პოლიტიკური სიტუაცია რომ დაძაბულია, ამიტომ არის საჭირო ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენა. მიმტევებლობა უპირველეს ყოვლისა. მიტევებით, ურთიერთპატიებით. თუ არადა, ეს ყველაფერი გაგრძელდება და მივალთ ძალიან ცუდ შედეგებამდე. რუსული მხარეც მზადყოფნაშია მეგობრული ნაბიჯების გადმოსადგმელად“, – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა პარუნაშვილი.

მისივე თქმით, სახალხო დიპლომატიის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და 50 რუსი ახალგაზრდა საქართველოში, საკუთარ ტურისტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში უკვე მიიწვია:

„გავაგზავნეთ საკმაოდ კარგი მესიჯი, ჩვენი ცენტრიდან „მესხური კოშკიდან“ და გავუგზავნეთ რუსეთს 50 ბავშვის მოწვევა, საგზური. პირობა ასეთია, რომ საჰაერო მიმოსვლით მოვიპატიჟეთ ეს ბავშვები, იგივენაირად იქნება მათი მხრიდან, მეგობრული ნაბიჯი გადმოიდგმება, ალბათ. ასევე ჩვენ ვიმუშავებთ ტურისტული სეგმენტის აღდგენაზეც, იმიტომ, რომ საქართველო ტურისტული რესურსით საკმაოდ მდიდარია და ეს რესურსი უნდა იყოს სრულად გამოყენებული“.

საგზურები, რომლითაც 50 ახალგაზრდა საქართველოში უნდა მოიწვიონ, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვლადიმერ პუტინთან ვლადიმერ ხომერიკის ხელით გააგზავნეს.

ხომერიკი „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტია და ამბობს, რომ პუტინს ძალიან ხშირად ხვდება, ამიტომ, საგზურებს თუ პირადად ხელში არა, ადმინისტრაციას მაინც მიაწვდის. იგი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის დაფუძნებით მისმა წევრებმა ეროვნულ საქმეს ჩაუყარეს საფუძველი.

„ეს ორგანიზაციები არის ქართული სულისა და აზროვნების აღზრდა, იმიტომ, რომ ხალხის მოთხოვნაა, რომ დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ ორი მართლმადიდებული ქვეყანა ვართ და ორივეს გვაქვს ერთი დიდი ისტორია. რუსეთის გარდა, მე რომ მკითხო, არავინ არ გადაჭრის იმ პრობლემებს, რაც დღეს საქართველოს აქვს, არც „ნატო“, არც ამერიკა და არც ევროპა. რუსეთი არის ჩვენი დიდი მეზობელი, ჩვენი სულიერი მეგობარი და ზუსტად რუსეთის ხელშია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – ამბობს ხომერიკი.

შეხვედრის დასასრულს, ხომერიკმა ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან სპეციალური სიგელიც მიიღო: „სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის ხომერიკს გადავეცით სიგელი. ჩავთვალეთ, რომ ეს ადამიანი ემსახურება სახალხო დიპლომატიას, რასაც ჰქვია აღდგენა ამ ურთიერთობების“, – ამბობს გოჩა პარუნაშვილი.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, კითხვაზე ვინ აფინანსებს ორგანიზაციას, პარუნაშვილი გვპასუხობს: „ეს ჩვენი ჯიბიდან გაწეული ფინანსებია, თითოეული ქართველის, ჩემი ოჯახის და იმ ჩემი მეგობრების, რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან. ეს იდეა შემოგვთავაზა ჩვენ თითოეული ქართველის ტვინმა. ვიმსჯელეთ ამაზე და გადავწყვიტეთ, რომ ახლა არის ამისი საჭიროება“.

ახალი ორგანიზაციის წევრი იქნება ახალციხის ციხის ყოფილი დირექტორი გუჯა ბიჭაშვილიც: „მე არ ჩამომიყალიბებია ეს ორგანიზაცია, მაგრამ მისი წევრი ნამდვილად ვიქნები. მე ვუსურვებ თითოეულ ქართველ ადამიანს მშვიდობას. ლამაზი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა და მინდა, რომ ჩემი წვლილიც შევიტანო ამ მშვიდობის დარგში. სხვა არაფერი“.

ბოლო პერიოდში, რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის იდეით, ახალციხეში ორგანიზაციის დაფუძნების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

ვლადიმერ ხომერიკი ქალაქში ივლისშიც იმყოფებოდა. მაშინ ყოფილ საკრებულოს თავმჯდომარეს და „კონსერვატიული პარტიის“ ყოფილ წევრ ოლეგ სანდროშვილთან ერთად „მეგობრობა და ერთობა“ უნდა ჩამოყალიბებულიყო. პრეზენტაცია ახალციხის ცენტრალურ პარკში დაიგეგმა, თუმცა მოულოდნელად ღონისძიება ორგანიზატორებმა თავად ჩაშალეს.

ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ ახალ ორგანიზაციასთან საერთო არ აქვს: „მე არ ვარ ახალციხეში და თქვენგან მესმის ამ ახალი ორგანიზაციის შესახებ. წარმოდგენა არ მაქვს. ის ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნებულია და მაშინ პრეზენტაციის საკითხზე ხელი შეგვიშალეს. ამ თემაზე ინტერვიუ უკვე მივეცით მედიას. მე არ ვარ ამ ახალ ორგანიზაციასთან კავშირში“.

ახალციხეში, ორგანიზაციის „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“ დაფუძნებას მესამე სექტორი საფრთხის შემცველად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ამ საკითხით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, რომ მათ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვთ და მხოლოდ სახალხო დიპლომატიის გზით შეეცდებიან ურთიერთობის დარეგულირებას. „არ გვაინტერესებს პოლიტიკური მიმართულებები, ჩვენ დიპლომატიის გზით მათ უნდა გავუკვალოთ გზა და შემდეგ ჩაერთვება დიპლომატია. ჩვენი მოძრაობა იქნება პოლიტიკის გარეშე და ემსახურება ხალხთა შორის ურთიერთობის აღდგენას“, – აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვნელი გოჩა პარუნაშვილი.

პოლიტოლოგი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთერთობის დარეგულირება სახალხო დიპლომატიის გზით შეუძლებელია: „რიგითი ადამიანების დონეზე არასდროს ყოფილა პრობლემა რუსეთსა და საქართველოს შორის. თავისთავად , ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანებს შორის ურთერთობა დავარეგულიროთ, გავაუმჯობესოთ, ჩემი აზრით საკითხის არასწორად დაყენებას ნიშნავს“.

მისივე თქმთ, ის ფაქტი, რომ ორგანიზაციის დაფუძნების მიზნით გამართულ შეხვედრას პუტინთან დაახლოებული პირი, ვლადიმერ ხომერიკი ესწრებოდა და იგი ამავე ორგანიზაციის მხარდამჭერია, იმაზე მიანიშნებს, რომ „ორგანიზაცია რუსეთის ხელდასხმით გაკეთებულია და მისი მიზანი სინამდვილეში არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესება, არამედ საქართველოში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებაა“.

ნოდია მიიჩნევს, რომ არაპოლიტიკურობის სტატუსი ამ ორგანიზაციის მხოლოდ ნიღაბია და ცხადია ხდება, რომ მას ნათელი პოლიტიკური მიზნები აქვს.

მსგავს აზრზეა ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანზიაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვნელიც. გიორგი ანდღულაძე მიიჩნევს, რომ ორგანზიაციას სწორედ პოლიტიკური მიზნები აქვს და ამის გამოც შეიქმნა.

„ეს არის გარკვეული ადამიანების ჯგუფის მოსაზრება, რომლებიც ამ ბოლო დროს რატომღაც ძალიან გააქტიურდნენ და პირდაპირ ქვეყნის მტერსა და ოკუპანტზე გვეუბნებიან, რომ არის ჩვენი მეგობარი და რომ აუცილებლად ჩვენ უნდა მივიდეთ პირველები , მოვუხადოთ ბოდიში და დავიწყოთ ცივილური ურთერთობების აღდგენა“.

მისივე თქმით, დღეს ცოცხალი ოკუპაციის პირობებში, როცა ყოველდღიურად საზღვრისპირა რეგიონებში ადამიანებს ყოველ დღე ექმნებათ პრობლემები, გადაადგილების შეზღუდვის, ტვირთის გადატანის, ოჯახების დაშორების და სხვა მსგავსი ორგანზიაციები არ უნდა იქმნებოდეს.

„ქვეყანა ამას გიკეთებს, გბომბავს, ყოველ დღე ტერიტორიას გართმევს, ატომური ბობით გემუქრება – ვგულისხმობ რამდენიმე დღის წინანდელ მედვედევის განცხადებას და გეუბნება, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციის შემთხვევაში რუსეთმა უნდა გამოიყენოს ის ატომური პოტენციალი, რომელიც აქვს. ამ დროს კი, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ღიად, საჯაროდ პროპაგანდას უწევენ რუსეთთან ურთიერთობის ვითომ აღდგენას, ჩემთვის მიუღებელია მწვანილისა და ციტრუსის ექსპორტზე გავცვალო თავისუფლება, მაგრამ ფაქტობრივად, ამას გვეუბნებიან, რომ ეკონომიკური ბაზრის გარეშე დავრჩებით“, – ამბობს ანდღულაძე.

ანდღულაძე მიიჩნევს, რომ ასეთი ორგანიზაციების შექმნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა ინტერესდებოდეს: „ეს ადამიანები ახლა სახელმწიფო სტრუქტურებში უნდა აძლევდნენ ჩვენებას, იმიტომ, რომ აშკარად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები აქვთ“.
სახელმწიფო უწყებების უმოქმედობის შესახებ საუბრობს „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილიც. მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან დიდი რესურსები იხარჯება ასეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბებისთვის და რასაც ხელს ისიც უწყობს, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ამ საკითხის შესახებ მკაფიო ხედვა არ აქვს და არც შესაბამისი ნაბიჯები იდგმება.

„სახელმწიფო პოლიტიკის მკაფიო არ არსებობა გარკვეულწილად „მწვანე შუქია“, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები გააქტიურდნენ, მათ შორის რეგიონულ დონეზე, რაც სახიფათოა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ეს არის სწორედ „რუსული რბილი ძალა“. მხოლოდ მას შემდეგ, როცა აღდგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შეიძლება ვისაუბროთ ნებისმიერი სახის ურთიერთობებზე იმ ჯგუფებთან, რომლებიც კრემილის ინტერესების გამომხატველია. ეს კრემლის ინტერესები დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული“, – აცხადებს კინწურაშვილი.

ახალად დაფუძნებული ორგანიზაციის სამომავლო მიზნებში, რომლებიც ახალგაზრდების გაცვლით, საგანამანთლებლო პროგრამებში ჩართვას გულისხმობს, საფრთხეებს ხედავს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი. მისი თქმით, ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთის მიმართ აგრესია არ აქვთ, პრობლემას ძირითადად ოკუპაციური რუსეთი წარმოადგენს.

„მენიშნა, რომ ძირითადად საგანმანათლებლო პროგრამებზეა აქცენტი გაკეთებული და ეს ყველაზე მეტად საფრთხის შემცველად მიმაჩნია. მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთმა ორგანზიაციებმა დაუარეს სამცხე-ჯავახეთში სომხურ და რუსულ სკოლებს და პირდაპირ მიიწვიეს ბავშვები, რომ მათ რუსეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში უფასოდ და შეუზღუდავად ისწავლონ, მაშინ, როცა თვითონ რუსი ბავშვები ბევრს მეცადინეობენ ასეთ უნივერსიტეტებში რომ მოხვდნენ. ამას აქვს მიზანი, რომ ასე უფრო მეტი მომხრე ეყოლება საქართველოში, ანტინატოური, ანტიევროპული განწყობა იწყება განათლებიდან“, – ამბობს მესხიშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიზნობრივი ჯგუფი ქართველი ახალგაზრდები არიან, ამიტომ მათი ცნობიერების, მენტალიტეტისა და განათლების შეცვლით ცდილობს სადავეების ხელში ჩაგდებას.

Facebook Comments
x

Check Also

“მთავარის” დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

ნიკა გვარამია -ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ...