Home » ეკონომიკა » ქვეყანა საჭიროებს ექსპორტის სტიმულირების ახალ სქემებს

ქვეყანა საჭიროებს ექსპორტის სტიმულირების ახალ სქემებს

ეკონომიკის დოქტორი

რატი აბულაძე

 გლობალური ეკონომიკური სამყარო გაურკვევლობასა და მზარდ საფრთხეებშია. სავაჭრო კონფლიქტები ციკლურად ასუსტებს მსოფლიო ეკონომიკურ აქტივობას. გაურკვევლობას იწვევს ცენტრალური ბანკების ქმედებები. კვლევები ცხადყოფს გლობალური ვაჭრობის მოსალოდნელ გაუარესებასა და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელებას. აღნიშნული მოცემულობის ფონზე მოსალოდნელია სამუშაო ადგილების შემცირება, კომპანიებში ინოვაციის განვითარების შეფერხება, საინვესტიციო აქტივობის შენელება, მოსახლეობისათვის არსებობის საშუალებების მოკლება და ცხოვრების  გართულება. პროგნოზით, მსოფლიო ვაჭრობის ზრდა 2019 წელს იქნება მხოლოდ 1.2% (პროგნოზი იყო 2.6%), ხოლო მსოფლიო ეკონომიკის ზრდა – 3.2% (IMF-ს პროგნოზი იყო 3.3% ).

მსოფლიო ეკონომიკის გამოწვევების ფონზე საქართველოს საგარეო ვაჭრობის საერთო სურათი სტაბილურია. თუ გავაანალიზებთ ბოლო 5 წლის მონაცემებს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის ანალიზი აჩვენებს (2014 წელს იყო 11.4 მლრდ დოლარი) მკვეთრ შემცირებას. 2015-2016 წწ საგარეო ვაჭრობის მოცულობა შემცირდა და  9.5 მლრდ – 9.4 მლრდ დოლარი შეადგინა (თანამიმდევრობის შესაბამისად). შემდგომ იყო სუსტი ზრდა და 2017 წელს საგარეო ვაჭრობის მოცულობამ მიაღწია 10.7 მლრდ დოლარს. აღსანიშნია, რომ 2018 წელს დაფიქსირდა მკვეთრი ნახტომი და ვაჭრობამ 12.5 მლრდ დოლარი შეადგინა. დღეს კი (2019 წელს იანვარ- სექტემბრის მონაცემებით) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკამ აჩვენა 9.2 მლრდ დოლარის ბრუნვა.

2019 წლის სავაჭრო სტრუქტურაში ექსპორტის მოცულობა 11.1%-ით (წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან მიმართებით) გაიზარდა და შეადგინა 2 719.2 მლნ. აშშ დოლარი. აღსანიშნია, რომ  იმპორტი შემცირდა 3.3%-ით (წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან მიმართებით)  და 6474.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 16.3%-ით, ხოლო დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა 23.2%-ით. ამასთან, იმპორტის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებთან 1 667.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო დსთ-ს ქვეყნებთან – 1 704.7 მლნ. აშშ დოლარს . მთლიანობაში, კვლავ შენარჩუნდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი.

უცვლელია საექსპორტო  სასაქონლო ჯგუფის სტრუქტურა, რომელიც მოიცავს: სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, მსუბუქ ავტომობილებს,  ყურძნის ნატურალურ ღვინოებს, მედიკამენტებს, სპირტიანი სასმელებს, აზოტოვან სასუქებს, დაუმუშავებელ ოქროს, მინერალურ და მტკნარ წყლებს. კვლავ სხვა ქვეყნებიდან შემოტანით ვაკმაყოფილებთ სამამულო საჭიროებებს ნავთობპროდუქტებზე, მსუბუქ ავტობილებზე, მედიკამენტებზე, ხორბალზე, სიგარეტზე.

აღსანიშნია, რომ ექსპორტიორების პროდუქციის საბოლოო მყიდველსა და საბოლოო წერტილს წარმოადგენს : რუსეთი (371.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (355.1 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (261.3 მლნ. აშშ დოლარი). მაღალი საიმპორტო აქტივობა გვაქვს თურქეთთან (1 138.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთთან (661.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთთან (647.2 მლნ. აშშ დოლარი).

მიუხედავად აქტივობის არსებული ტემპისა, საზოგადოებაში სუსტია ეკონომიკური იმპულსები. გასათვალისწინებელია, რომ გლობალური ეკონომიკა აჩვენებს დაღმავალ ტრაექტორიას. ამიტომ, აღნიშნული მოცემულობის ფონზე ქვეყანა სასწრაფოდ საჭიროებს სავაჭრო-ეკონომიკური აქტივიზაციის ახალ სქემებს, გაახლებულ პროგრამებსა და ახლებურად მუშაობას.

ჯამში, ვაჭრობა უნდა განვიხილოთ, როგორც ინსტრუმენტი ხალხის ცხოვრების კეთილდღეობის ზრდისთვის. ამისათვის აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • შემუშავდეს ექსპორტის სტიმულირების ახალი სქემები;
  • სტიმულირებული იქნას საექსპორტო პროდუქტების ასორტიმენტის ზრდა;
  • საგარეო ვაჭრობის ზრდის მიზნით გააქტიურდეს ეკონომიკური და ციფრული ეკონომიკური დიპლომატია;
  • თითოეული მეწარმის ძირითადი მიზანი უნდა გახდეს საექსპორტო პროდუქციის წარმოება, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტების მოვალეობა გახდეს ასეთი საექსპორტო პროდუქტის ბაზარზე გატანის ხელშეწყობა;
  • ჯამში, ქვეყანაში უნდა შეიქმნას თითოეულ ოჯახზე და თითოეულ კომპანიაზე მორგებული აქტივობის პროგრამები.
Facebook Comments
x

Check Also

15:00 საათზე “ოცნების” საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

ანონსი 15:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში  ბრიფინგი გაიმართება – ამის შესახებ ...