Home » ეკონომიკა » “გაზრდილი ფასები და შემთხვევები, როცა კლინიკები არასრული მკურნალობით იღებდნენ ფინანსებს…”

“გაზრდილი ფასები და შემთხვევები, როცა კლინიკები არასრული მკურნალობით იღებდნენ ფინანსებს…”

ირაკლი მაკალათია

ეკონომისტი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც უკლებლივ ყველა მოქალაქეზე გავრცელდა, 2013 წლის 28 თებერვალში ამოქმედდა. მეორე ეტაპი 2013 წლის 1 ივლისიდან დაიწყო, როცა გაფართოვდა სამედიცინო მომსახურება და საყოველთაო დაზღვევის ახალი პაკეტები. 2017 წლის 1 მაისიდან კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა, ის აღარ არის საყოველთაო, ანუ მაღალ შემოსავლიან ჯგუფებს დაფინანსება მოეხსნათ, საშუალო შემოსავლიან ჯგუფს – შეზღუდული დაფინანსება, ხოლო დაბალ შემოსავლიან ჯგუფს სრული დაფინანსება შეუნარჩუნდათ.

სახელმწიფო დაფინანსების მოცემულმა სისტემამ კლინიკებს მანიპულირების საშულება მისცა, გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როცა კლინიკები არასრული მკურნალობით იღებდნენ ფინანსებს, ასევე ზედმეტი მედიკამენტების გამოწერითა და მედიკამენტებზე მოთხოვნის ხელოვნური ზრდით კლინიკებმა მიიღეს ე.წ. ,,ქეშბექები’’.

ერთი დიდი პრობლემაა გაზრდილი ჯანდაცვის ბიუჯეტი, სადც გვაქვს არაეფექტიანი ხარჯვა, თუმცა ჩვენ შევეხოთ მეორე პრობლემას: სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფასების ზრდას. 2019 წელს (სექტემბერი) 2013 წელთან შედარებით ჯანდაცვის ჯგუფში ფასები გაზრდილია 39,3%-ით. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, როცა სახელმწიფო ახდენს კლინიკების სუბსიდირებას, ეს მოტივაციას აჩენს ტარიფებისა და მომსახურების ფასების გაზრდაზე. როცა კერძო თუ სახელმწიფო კლინიკები თუ ფარმაცევტული კომპანიები ხედავენ, რომ პაციენტების თანადაფინანსებაში შემოდის სახელმწიფო, მოტივაცია ექმნებათ, რომ მეტი მოგებისა და დამატებითი შემოსავლების მისაღებად ხელოვნურად გაზარდონ ფასები.

თუ სტრუქტურულ დონეზე ჩავალთ, მაღალი ინფლაციით ხასიათდება სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ძირითად ჯგუფები: სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები, ტკვილგამაყუჩებელი მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, საჭმლის მომნელებელი სისტემის და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.

2019 (სექტემბერი) წელს 2013 წელთან შედარებით, სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 16.4%-ით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასები გაიზარდა 72.6%-ით, ტკვილგამაყუჩებელი მედიკამენტები 108.9%-ით, ანტიბიოტიკები 87.2%-ით, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 72.1%-ით, ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 84.2%-ით გაძვირდა.

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...