Home » მთავარი » 9 წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

9 წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

„კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში,  შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა დავუტოვოთ ხალხს ისეთი სისტემა, რომელიც ისეთ სისხლიან რეჟიმს გამორიცხავს გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ ამიტომ ვარ მე პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე,  მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც მასთან არის დაკავშირებული“,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ისაუბრა და კოლეგების შეკითხვებს უპასუხა.

 

„მე ვარ პროპორციული სისტემის მომხრე და არაერთხელ მისაუბრია ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში. ამას აქვს ასევე ერთი ძალიან საინტერესო მიზეზი: ეს არის, კიდევ ერთხელ, 9 წლიანი რეჟიმი. რომ არა ის სისტემა, რომელიც მაშინ იყო ჩამოყალიბებული, მახინჯი კონსტიტუციური სისტემა, თავისი საარჩევნო სისტემით, ეს მახინჯი სისტემა ვერ ჩამოყალიბდებოდა. შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელში ის არ განმეორდება, რაც იყო ნაცმოძრაობის ხელში და არავითარ შემთხვევაში არ განმეორდება, მაგრამ კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა დავუტოვოთ ხალხს ისეთი სისტემა, რომელიც ისეთ სისხლიან რეჟიმს გამორიცხავს გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც 9 წლის მანძილზე იყო ჩამოყალიბებული. სწორედ ამიტომ ვარ მე პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე, ვრჩები ამ სისტემის მომხრედ, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც არის დაკავშირებული პროპორციულ სისტემასთან. რა თქმა უნდა, რისკებიც მაქვს გააზრებული და ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, არ არსებობს საარჩევნო სისტემა, რომელსაც არ აქვს პლიუსები და მინუსები და ასეთია, ბუნებრივია, პროპორციული საარჩევნო სისტემაც, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ 9 წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ საბოლოო ჯამში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ჩემი დამოკიდებულება საკითხისადმი და მინდა, რომ ეს დამოკიდებულება თქვენც გაგიზიაროთ. რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს. პირველი შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რა კავშირშია პროპორციული სისტემა პარტიული სისტემის განვითარებასთან. კავშირი, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი. იქ, სადაც არ არის ჩამოყალიბებული და განვითარებული პარტიული სისტემა, იქ აქვს მეტი საფრთხე, ბუნებრივია, ქვეყანას პროპორციული სისტემის პირობებში. ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს რისკი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად წარმოჩენილი, ვიდრე, დავუშვათ, გერმანიაში, თუმცა, იქაც კი ჩნდება პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ, გერმანიაშიც კი, 20 %-ზე მეტი, 30 %-მდე აიღეს ანტი სისტემურმა პარტიებმა და იქაც კი, გვერდზე ვეჯექი გერმანიის პრეზიდენტს, რომელმაც აღნიშნა შეხვედრის დროს, პროპორციული სისტემა გერმანიას უქმნის უკვე საფრთხეს, იქ, სადაც პარტიული სისტემა არის სერიოზულად განვითარებული, გამომდინარე ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან. ეს არის დისკუსია, რომელშიც ძალიან დიდხანს შემიძლია შევიდე და ვისაუბრო, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის პლიუსებიც, არის მინუსებიც. ჩვენს პირობებში, რისკი მეტი აქვს პროპორციულ სისტემას, ვიდრე გერმანიაში, ჰოლანდიაში და დანიაში, თუმცა, ვფიქრობ, რომ გვაქვს იმის რესურსი, რომ თუნდაც, 2020 წლიდან შევძლოთ პროპორციული სისტემის პირობებში, სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა. ამის ერთ-ერთი გარანტი უნდა იყოს ჩვენს მიერ ნაჩვენები შედეგი. „ჩვენში“ ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“. „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგ არჩევნებში უნდა დადოს ის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი პოლიტიკური სისტემის სტაბილურ განვითარებას და მერე, არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი ამბიციაა, მნიშვნელოვნად ავცდეთ 50 %-ს. ეს არის ჩვენი ამბიცია. თუ ამ შედეგს დავდებთ და ჩვენ შეგვიძლია ამ შედეგის დადება, სხვადასხვა საფუძველი მალაპარაკებს ამას, ამ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება გარანტირებულად ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება.

რაც შეეხება თვითმმართველობასთან კავშირს. რა თქმა უნდა, თვითმმართველობასთანაც არის დაკავშირებული პროპორციული საარჩევნო სისტემა. იქ, სადაც ძლიერია ადგილობრივი  თვითმმართველობა, ბუნებრივია, ნაკლებია ინტერესი, რომ რეგიონების ხმა, ასე ვთქვათ, იყოს უფრო ხმამაღლა წარმოდგენილი ქვეყნის პარლამენტში. ამ შემთხვევაშიც, მე შემიძლია გითხრათ, რომ მუშავდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელმაც უნდა განავითაროს ადგილობრივი თვითმმართველობა, ეს არის საშუალო ვადიანი დოკუმენტი, თუ არ ვცდები, 2024 წლისთვის უნდა იყოს მიღწეული შესაბამისი მიზნები, თუ 2025 წლისთვის. აქ არის საუბარი ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე და სათანადო  მაჩვენებლის მიღწევაზე. როგორც კი ჩვენ ამ ნიშნულს მივაღწევთ 2025 წლისთვის, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ევროპული სტანდარტის თვითმმართველობა და აქ საერთოდ დასრულდება საუბარი იმაზე, რომ მაჟორიტარის ჩარევა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადგილობრივი პრობლემები გადაიჭრას.  ჩემს წიგნზეც იყო საუბარი, ბუნებრივია, შედარებით სუსტი კავშირი მოსახლეობასთან – ეს არის პროპორციული სისტემის ერთ-ერთი ნაკლოვანება. მე დამიკავშირდა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც სასტიკი წინააღმდეგი იყო მაჟორიტარული სისტემის და ასეთი რაღაც მითხრა, რომ ახლა ეს მაჟორიტარული სისტემა რომ უქმდება, ბიუროებს რა ვუყოთო. სად იქნება კავშირი მოსახლეობასთანო და მასაც გავუზიარე ჩემი დამოკიდებულება. ანუ, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული ნაკლოვანება. აღარ იქნება დეპუტატის ბიუროები და არის იმის რისკი, რომ შემცირდეს კავშირი მოსახლეობასთან, თუმცა, აქ არის, რა თქმა უნდა, პარტიების პასუხისმგებლობა. პარტიები სათანადო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ სიის ფორმირებას, და თუ ისინი ამ პასუხისმგებლობით შეიმუშავებენ სიას, ამ შემთხვევაში, ეს სუსტი კავშირის პრობლემაც დიდწილად უნდა გადაიჭრას.

შემდეგი კითხვა ეხებოდა სტაბილურობას, მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას. ნაწილობრივ უკვე ვუპასუხე. რა თქმა უნდა, არის, ბევრად მეტი რისკი. რა თქმა უნდა, იქ, სადაც არის პროპორციული სისტემა, მეტი რისკები არსებობს სტაბილურობის კუთხით და სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბების კუთხით და ამის არაერთი მაგალითია მოყვანილი იგივე სახელმძღვანელოში. მაგალითად, ნიდერლანდებსაც კი, სადაც არის ჩამოყალიბებული განვითარებული პარტიული სისტემა, 225 დღე, ეს არის შვიდ თვიანი პერიოდი, დასჭირდა იმისთვის, რომ მთავრობა ჩამოეყალიბებინა. ისრაელი არის უახლესი მაგალითი, სადაც მესამე არჩევნები შეიძლება ჩატარდეს იმისთვის, რომ შეიქმნას მთავრობა. წარმოიდგინეთ საქართველოში ზედიზედ სამი არჩევნების ჩატარება რომ მოგვიწიოს ასეთ მოწყვლად გარემოში. გერმანიაში იყო სერიოზული კრიზისი. თვეების განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა მთავრობა. ბუნებრივია, ეს რისკები არსებობს ყველა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თუმცა, აქ არის პარტიების პასუხისმგებლობა. პარტიები თუ სათანადო პასუხისმგებლობით მიუდგებიან თავიანთ საქმეს, თუ საქართველოში განვითარდება პოლიტიკური კულტურა, თუ განხორციელდება ის, რასაც ჰქვია პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია, მაშინ ეს რისკები მინიმუმამდე შემცირდება. სრულად ამ რისკების განეიტრალება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. გერმანიის, ნიდერლანდების, ისრაელის და სხვა ქვეყნების მაგალითები ამას აჩვენებს, თუმცა, მაქსიმალურად შემცირდება ამ რისკების დატვირთვა.

 

რაც შეეხება სხვა ნაკლოვანებებს. ეს არის კლასიკა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ერთი, რომ შეიძლება სამთავრობო კოალიციების ფორმირება ანუ სტაბილურობის კუთხით არის რისკები. აქ ვსაუბრობ მარტო ნეგატიურ მხარეებზე. როგორც უკვე მიგვანიშნეს, პოზიტიური მხარეებიც აქვს პროპორციულ სისტემას და ძალიან ბევრი ანუ არ არის ისე, რომ მხოლოდ ნეგატიურზე ვსაუბრობ. პროგრამულ – იდეოლოგიური აღრევა შეიძლება გამოიწვის ამან, იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ შეიძლება ჩამოყალიბდეს კოალიცია ისეთ პარტიებს შორის, რომლებიც ერთი არის მემარჯვენ, ერთი მემარცხენე, ერთი არის პროდასავლური, ერთი პრორუსული, ნახეთ თქვენ. მოლდოვაში ჩამოყალიბდა პროდასავლურ- პრორუსული კოალიცია და რითაც დაამთავრა დღეს ძალიან კარგად ვიხილეთ. ეს არის მეორე რისკი. ეს არის თეორიული ჩამონათვალი რისი პრაქტიკული მაგალითები არის წარმოდგენილი არაერთ ევროპულ ქვეყანაში. მესამე არის ის, რომ მცირე პარტიებმა შეიძლება მოიპოვონ არაპროპორციულად დიდი ძალა ამ შემთხვევაში. თეორიულად წარმოვიდგინოთ რომ ქართულმა ოცნებამ აიღო მანდატების 49%, არ თქვათ, რომ ერთხელ 45%  ვახსენე და გიგა ბოკერიამ თქვა, რომ აღიარებით ჩვენება მიუციაო, თითქოს 45%-ზე გვაქვს გათვლილი. დემაგოგიასაც თავისი ზღვარი აქვს. თეორიულად დავუშვათ, რომ 75 მანდატები მივიღეთ და გვჭირდება ერთი მანდატის დამატება და არის ერთი მანდატით პოლიტიკური პარტია და შემოდის კოალიციაში და სანაცვლოდ ვუთმობთ მინისტრის პორტფელს. ასეთი რამ ხშირად ხდება განვითარებულ ქვეყნებში ანუ შეიძლება იყო 1%-იანი პარტია, რომელიც მთელ დარგს მართავს ქვეყანაში, ანუ ასეთი რისკები ბუნებრივია არის დამახასიათებელი. შემდეგი არის ის, რომ  ანტი სისტემურმა პარტიებმა შეიძლება მიიღონ მეტი შანსი, რომ თავი დაიმკვიდრონ და შემდეგ პოზიციები გაიმყარონ ქვეყნის პოლიტიკაში, პარტიულ სისტემაში. რა თქმა უნდა, ეს რისკი არსებობს, რაც უფრო დაბალია ბარიერი პროპორციული სისტემის პირობებში, არის დიდი შანსი და რისკი იმისა, რომ ექსტრემისტული პარტიები შემოვიდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, საპარლამენტო ცხოვრებაში. ეს რისკი ბუნებრივია არსებობს, თუმცა ექსტრემისტული ძალები პარლამენტში ჩვენ ისედაც არ გვაკლია. თქვენ გახსოვთ, რომ ექვსი თვის წინ პარლამენტში შემოჭრას ცდილობდნენ ზოგიერთი საპარლამენტო პარტიის წარმომადგენელები. ექსტრემიზმი დღესაც არ გვაკლია. ეს რისკები, ბუნებრივია უნდა შემცირდეს, თუმცა რისკი რისკად  ბუნებრივია რჩება. და ბოლოს, შედარებით სუსტი კავშირი დეპუტატებსა და ამომრჩევლებს შორის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის აბსოლუტური კლასიკა. ეს ხუთი რისკი, ხუთი ნაკლოვანება, რომელიც აქვს პროპორციულ სისტემას არის ჩვეულებრივ კლასიკა. რაზეც საუბარია ნებისმიერ სახელმძღვანელოში. ეს რისკები ბუნებრივია რისკებად რჩება, თუმცა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ეს რისკები გავანეიტრალოთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ თან გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და თან საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. ერთია ნეგატიური მხარეები, მეორე პოზიტიური მხარეები, ყველაფერზე ერთად უნდა ვიმსჯელოთ და ამის საფუძველზე მოგიწოდებთ საბოლოო ჯამში  პროექტის მხარდაჭერისკენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს რუსეთის საგარეო უწყება ეხმიანება

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ...