Home » მთავარი » თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის სამანევრო დახელოვნების ცენტრი დაათვალიერა, რის შემდეგაც ცენტრის მეთაურთან, გენერალ-მაიორ გარი მ. ბრიტოსთან და უსაფრთხოების ძალების I მხარდამჭერი ბრიგადის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ სკოტ ა. ჯექსონთან შეხვედრები გამართა და ოფიცრებისა და სერჟანტების წვრთნებისა და ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ პრეზენტაციები მოისმინა.

თავდაცვის მინისტრმა ფორტ ბენინგთან მდებარე ქვეითთა ეროვნულ მუზეუმსა და ჯარისკაცის ცენტრში მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და ერაყის საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული ქართველი და ამერიკელი მშვიდობისმყოფელების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ორი ქართველი მშვიდობისმყოფელის – კაპრალ ზურაბ გვენეტაძისა და ლეიტენანტ გიორგი მარგიევის სახელები ამერიკელი თანამებრძოლების გვერდით იმ მემორიალზეა ამოტვიფრული, რომელიც საქართველოდან ათასობით მილის დაშორებით აშშ-ში, ჯორჯიის შტატში ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მდებარეობს და მათ მამაცობასა და თავგანწირვას ასახავს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას, რომლებმაც  სიცოცხლე თავისუფლებისთვის ბრძოლას, საერთო ღირებულებების დაცვას, მსოფლიოში დემოკრატიული ფასეულობების დაცვასა და უზრუნველყოფას შესწირეს. „სწორედ ჩვენი მამაცი ჯარისკაცების წყალობით, დღეს აქ ამაყად ვდგავართ და მივისწრაფით უფრო უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ“, – ამ სიტყვებით დაასრულა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლა ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მემორიალის გვირგვინით შემკობის ღონისძიებაზე.

ქართველი მშვიდობისმყოფელები – ლეიტენანტი გიორგი მარგიევი და კაპრალი ზურაბ გვენეტაძე 2008 წლის 2 მაისს, ერაყში, ბაღდადის მახლობლად, სამხედრო ავტომობილის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. მაშინ ორივე სამხედრო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-13 ქვეით  ბატალიონში მსახურობდა.

 

Facebook Comments
x

Check Also

მინისტრი შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზაზე იმყოფებოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო – სარაკეტო კომპლექსები, საფრენი ...