Home » მთავარი » მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 4 საათს გრძელდებოდა

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 4 საათს გრძელდებოდა

სასტუმრო „შერატონში“ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით დაწყებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 4 საათს გრძელდებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების ნიშნები არსებობს. ამის შესახებ თალაკვაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრის დაწყებამდე თქვა და დასძინა, რომ თუ ოპოზიციას შემოთავაზებები ექნება, მმართველი გუნდი დროს აიღებს, რათა კონკრეტული პასუხებით შეხვდეს შემდეგ ჯერზე.

“ეს შეხვედრა არის იმისთვის, რომ ვნახოთ რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას. ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტები, ასევე ავიღებთ დროს, რომ თუ იქნება კონკრეტული შემოთავაზებები ამაზეც მოვემზადოთ და კონკრეტული პასუხებით მოვიდეთ შემდეგ შეხვედრაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არის უკვე ნიშნები , რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. დიალოგი ამისთვის არის კარგი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა ხელისუფლებას “გერმანული მოდელის” ცალკეული კომპონენტის განხილვა შესთავაზა, რაზეც “ქართულმა ოცნებამ” მოსაფიქრებლად დრო მოითხოვა.

“დიპლომატების მხრიდან იყო შემოთავაზებული, რომ ცალკე განხილულიყო მრავალმანდატიანი მაჟორიტარული კომპონენტი. მინდა მოქალაქეებსაც ავუხსნა, აქამდე იყო 73 მაჟორიტარული ოლქი, სადაც თითოეული ადამიანი თითო ხმას აძლევდა თითო მაჟორიტარ დეპუტატს. მომავალში, ჩვენს მოდელში, სადაც არის 150 ადგილის პროპორციული გადანაწილება, მაჟორიტარული კომპონენტი იცვლება. შეიქმნება 10 მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი. მაგალითად, მთლიანად სამეგრელოში იქნება 1 ოლქი და 7 საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარი შევა პარლამენტში. ეს არის სიახლე, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ და რომელთანაც დაკავშირებით, “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ აქ ვერ ხედავს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას და ისინი თავის ვერსიას შემოგვთავაზებენ,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...