Home » ბრიფინგი » ეკა ბესელიას საგანგებო მიმართვა.

ეკა ბესელიას საგანგებო მიმართვა.

მარიამ ახალკაცი

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საზოგადოებას მოუწოდა, გააპროტესტოს პარლამენტში 11 დეკემბერს დაგეგმილი უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა კენჭისყრა.

„ეს არის ზეპარტიული საკითხი, ამიტომ ყველას, ვისთვისაც ღირებულია, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, მინდა მოგიწოდოთ, რომ 11 დეკემბერს, ოთხშაბათს, დილის 09:30 საათზე, მოხვიდეთ იმ ორგანოსთან, სადაც საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლობითი ორგანოა – საქართველოს პარლამენტი“, – განაცხადა პარლამენტში საგანგებო ბრიფინგზე ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას აზრით   ეს კენჭისყრა განსაზღვრავს, როგორი იქნება საქართველოს მომავალი და იქნება თუ არა მოქალაქე დაცული ძალადობისგან.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ის მანკიერი სასამართლო სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების დრო არსებობდა, „რეანიმირებულია „ქართული ოცნების მიერ“ და მოსამართლეთა 20-კაციანი სიიდან უმეტესობა ამაგრებდა „ძალადობრივ სისტემას“.

როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი მოსამართლეთა 20-ივე კანდიდატს არ აირჩევს.

„სურათი ისე არის ჩამოყალიბებული, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ოცივე კანდიდატი არცერთ შემთხვევაში არ დამტკიცდება. რამდენი იქნება და ვინ იქნება, ეს უკვე ოთხშაბათისთვის გაირკვევა“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

11 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უნდა უყარონ კენჭი, კომიტეტმა ღია კენჭისყრით უნდა აირჩიოს მოსამართლეები და დასკვნაში ასახოს შედეგები, რომელ კანდიდატს მისცა რეკომენდაცია და რომელს – არა. თუმცა, ეს პლენარულ სხდომაზე კანდიდატებისთვის ხელის შემშლელი გარემოება არ იქნება. პლენარულ სხდომაზე კანდიდატების მოსმენის გარეშე უყრიან კენჭს. თუ სხდომაზე კანდიდატთა ნაწილი არ დამტკიცდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სია უკვე შერჩეული კანდიდატებიდან უნდა შეადგინოს ან დატოვოს არსებული ჩამონათვალი. თუ პარლამენტმა მეორედაც არ დაამტკიცა წარდგენილი კანდიდატები, დარჩენილ ვაკანსიებზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.

Facebook Comments
x

Check Also

” ეს იყო უკანასკნელი მოჰიკანების საბჭოური ინტერვენცია”

ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო სესიაზე რუსეთის ჰიმნის ჩართვას უმრავლესობის წევრი საბჭოთა კავშირის “უკანასკნელი მოჰიკანების საბჭოურ ინტერვენციას” ...