Home » მთავარი » თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები თითოეული ჯარისკაცის კეთილდღეობას უზრუნველყოფს

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები თითოეული ჯარისკაცის კეთილდღეობას უზრუნველყოფს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებისთვის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის სამინისტროს ახალ საბინაო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, სამხედროებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვისა და მოტივაციის ამაღლების თვალსაზრისით, მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ჩვენ განვაახლეთ აღნიშნული პოლიტიკა და შევეცადეთ არსებული პროექტის მოდიფიცირებას, გაუმჯობესებას. პროგრამა არსებითად უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ ჯარისკაცებისთვის. კერძოდ, თუ ძველი პროექტით მათ უწევდათ ღირებულების 60%-ის გადახდა, ახალი პირობებით იმოქმედებს 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობის პროცესში თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია ჩაერთვება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულების ოდენობას. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს შესაძლებლობა ექნებათ, საბანკო გარანტიების ნაცვლად, შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლონ. წინასწარი გათვლით, საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 აშშ დოლარი. ამ პროექტით სამხედროებს შესაძლებლობა ექნებათ კვადრატული მეტრი, დახლოებით, 100 აშშ დოლარის ფარგლებში შეისყიდონ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე პროექტი ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შეეხება და ოფიცრები და სერჟანტები უპრეცედენტო შეთავაზებას მაქსიმალურად სამართლიანი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოფიცრები და სერჟანტები ამ შეთავაზებით ისარგებლებენ მრავალი წლის განმავლობაში. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება მრავალწლიანი პროექტი, რომელიც დამტკიცდება მინისტრის ბრძანების შესაბამისად და გახდება შეუქცევადი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და გუნდი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ვალდებულებების შესრულებას, მიუხედავად იმისა, თუ როდის არის ეს ვალდებულება აღებული და, შესაბამისად, 2007 წელს დადებული კონტრაქტით აღებული ვალდებულებები 2020 წელს სრულად შესრულდება.

„გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საამაყო ჯარი. მინდა, თითოეულმა ჯარისკაცმა იცოდეს, რომ ყველა დაგეგმილ რეფორმას ჩვენ წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე და ერთად შევქმნით თავდაცვის მაქსიმალურად ქმედით სისტემას. ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით!“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მინისტრობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას.

ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართველ სამხედროებზე ზრუნვაზე არა მხოლოდ თავდაცვის ძალებში სამსახურის პერიოდში, არამედ მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზე სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგაც.

„აუცილებელია სამშობლოს წინაშე მრავალწლიანი სამხედრო სამსახურის შესაბამისი დაფასება. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს გვექნება კონკრეტული ხედვა და გეგმა, რომელსაც წარვუდგენთ საზოგადოებას“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 100-დღიანი მუშაობის შეჯამებისას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 100 დღიანი მუშაობის შედეგების შეფასებისას და 2020 წლის გეგმებზე საუბრისას, სამხედრო მოსამსახურეებისთვის კვების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, თავდაცვის ძალების სამხედროები 2019 წლის 1 ნოემბრიდან კვების ახალ სტანდარტზე, სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განკუთვნილ რაციონზე გადავიდნენ.

ახალი სტანდარტი თავდაცვის ძალებში საკვების რაოდენობისა და ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გულისხმობს. „გამკაცრდება შემოტანილი პროდუქტის ხარისხი. ქართული ჯარი საუკეთესო პროდუქტით უნდა იკვებებოდეს – ეს იქნება ჩემი მინისტრობის მთავარი პრიორიტეტი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...