Home » მთავარი » წულუკიანმა პატიმრებს გაუგზავნა სახიფათო გზავნილი, რომ ჩემთან კომუნიკაცია კონფიდენციალური არ არის

წულუკიანმა პატიმრებს გაუგზავნა სახიფათო გზავნილი, რომ ჩემთან კომუნიკაცია კონფიდენციალური არ არის

მარიამ ახალკაცი

სახალხო დამცველის განცხადებით, ბოლო დღეების მოვლენებით იუსტიციის მინისტრმა პატიმრებს გაუგზავნა “სახიფათო გზავნილი”, რომ მასთან კომუნიკაცია კონფიდენციალურობის გარანტიით დაცული არ არის და ნებისმიერ დროს შეიძლება გასაჯაროვდეს.

“თუკი პატიმრებს შეერყევათ 25 წლის განმავლობაში მოპოვებული ნდობა ჩვენი ინსიტუტის მიმართ, ჩვენთან კომუნიკაციის კონფიდენციალურობის თობაზე, ეს ფაქტი გამოიწვევს პატიმრების მხრიდან ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას. ეს წარმოადგენს სახალხლო დამცველის საქმიანობაზე ზეგავლენის და ხელშეშლის ფაქტს და გაზრდის არასათანადო მოპყრობას თუ სხვა უფლებადარღვევის ფაქტებს სისტემაში”, — განმარტა ლომჯარიამ.

ის მოუწოდებს პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ სახალხო დამცველს მხარდაჭერა გამოუცხადონ. მთავრობას კი სთხოვს, რომ მისცეს მისი თანამშრომლების საქმიანობის უსაფრთხოების გარანტიები პენიტენციურ სისტემაში.

ასევე, ლომჯარიამ მოუწოდა პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელისშეშლისა და ზემოქმედების ფაქტზე. საუბარია ომბუდსმენის პატიმრებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაზე.

ლომჯარია დარმწუნებულია, რომ მის მიმართ უკანონო თვალთვალში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყო ჩართული. მისი თქმით, ოფიციალური განცხადება დაქვემდებარებაში მყოფი უწყებისგან, მინისტრის გარეშე არ გავრცელდებოდა. მისივე თქმით, თუ ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა მინისტრის თანხმობის გარეშე გაავრცელა, მაშინ წულუკიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს და თავად მოითხოვოს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

23 იანვარს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ნინო ლომჯარია ციხეში ოპოზიციის ლიდერებს ხვდებოდა. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენს ჟურნალისტები დახვდნენ, რომლებსაც მან უთხრა, რომ კონფიდენციალურია იმ პატიმართა ვინაობა, ვინც მოინახულა. მანვე აღნიშნა, რომ თეა წულუკიანმა მისი ციხეში შესვლის გასაჯაროვებით კანონი დაარღვია.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. რამდენიმე დღის წინ ომბუდსმენმა ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე პარლამენტს კრიტიკული ანგარიში წარუდგინა. მაშინ სხდომაზე დამსწრე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ანგარიშს ნინო ლომჯარიას კრიტიკითვე უპასუხა და თქვა, რომ ომბუდსმენი პატიმრებს პირადად არ ხვდება. წულუკიანის თქმით, ნინო ლომჯარია საქმიანობის განმავლობაში მხოლოდ მატროსოვის ციხის რამდენიმე ცნობილ პატიმარს შეხვდა.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა- ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ...