Home » მთავარი » მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

დღეს წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ახალი ცენტრი სრულად პასუხობს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნებს.

შენობა აღჭურვილია სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზითა და შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს ეხმარება როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც.

ცენტრში განთავსებულია მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველო საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ღირსეულად წარმოაჩინონ.

ახალი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ 27 იანვარი დაწესდება.

აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის სარდალმა, გენერალ-მაიორმა ჯეფრი მილჰორნმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარმა ქირურგმა, ბრიგადის გენერალმა რონალდ სტივენსმა.

სიტყვით გამოსვლისას და ლენტის გაჭრის შემდეგ სტუმრებმა ახალი შენობის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ცენტრის სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, აშშ-ის ევროპული სარდლობის, აშშ-ის საელჩოს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები და დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით. ამ ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკის მთავრობამ 4,5 მილიონი დოლარი გამოყო.

სივრცის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის, თავდაცვის სამინისტრომ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

Facebook Comments
x

Check Also

” ეს იყო უკანასკნელი მოჰიკანების საბჭოური ინტერვენცია”

ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო სესიაზე რუსეთის ჰიმნის ჩართვას უმრავლესობის წევრი საბჭოთა კავშირის “უკანასკნელი მოჰიკანების საბჭოურ ინტერვენციას” ...