Home » მთავარი » ,,სამოქალაქო მოძრაობა ”-აუდიტის დასკვნა სიღნაღის მუნიციპალიტეტზე კორუფციის ნიშნებს შეიცავს

,,სამოქალაქო მოძრაობა ”-აუდიტის დასკვნა სიღნაღის მუნიციპალიტეტზე კორუფციის ნიშნებს შეიცავს

“სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თელავის ოფისში სახელმწიფო აუდიტის მიერ 7 თებერვალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის ანგარიშთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

მათი განცხადებით დასკვნა კორუფციის ნიშნებს შეიცავს და ამით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

-“აუდიტის ანგარიშის მიხედვით იკვეთება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების და დასახული მიზნების შესრულებას. ჩვენ მოვითხოვთ, აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით თავისი საქმე შესასრულოს პროკურატურამ და დაიწყოს მოკვლევა,”- განაცხადა ნინო გოგოლაშვოლმა.

საქმე ეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ 2017-1018 წლების ხარჯვით ნაწილს. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ:

-მუნიციპალიტეტმა წყლის სისტემის, საგზაო სამუშაოების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცესი წარმართა იმგვარად, რომ თავი აარიდა ელექტრონულ ტენდერებს და მათი შეძენა განახორციელა გამარტივებული შესყიდვით, როგორც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუმცა შესაბამისი საფუძვლები არ არსებობდა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. გარდა აღნიშნულისა, ვერ იქნა უზრუნველყოფილი კონკურენტუნარიანი გარემო, პრეტენდენტთა მიმართ პროპორციული მიდგომა და შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობა.

-მუნიციპალიტეტში სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომელიც გამორიცხავს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას. კერძოდ, შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას, ხოლო ექსპერტიზა შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გამოკვლევის მიზნით ჩატარებული არ არის და ეხება მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.

-2018 წელს საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მიზეზები, რის გამოც მიმწოდებელმა დროულად ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, არ არის სათანადოდ არგუმენტირებული. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ქმედებით თუ უმოქმედობით, დაკარგა ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის განსაზღვრული, საბანკო გარანტიის შესაბამისი თანხის მიღების შესაძლებლობა.

-არაკვალიფიციურად შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის არასათანადო მიდგომის გამო, დაუსრულებელია სოფ. ბოდბის საბავშვო ბაღის მშენებლობა, ასევე დაუსრულებელია ქ. სიღნაღში დენდროლოგიური პარკის კეთილმოწყობისა და ქ. წნორში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოების ნაწილი. მიუხედავად ამისა, როგორც პროექტანტის, ასევე საექსპერტო კომპანიის მიმართ, რომელმაც საპროექტო დოკუმენტაციაზე დადებითი დასკვნა გასცა, მუნიციპალიტეტს შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.

-მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების გამო, საგზაო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, ხოლო ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულება გაუფორმდა კომპანიას, რომელმაც იგივე სამუშაოები შეასრულა უფრო მეტი ღირებულებით. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაიხარჯა არაეკონომიურად.

-მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით

-2018 წელს ქ. სიღნაღისა და ქ. წნორის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 184 მოქალაქისათვის საკვების მომზადებისა და მიწოდების მომსახურებას შემსრულებელი ახორციელებდა არაჯეროვნად. მიუხედავად ამისა, მერიას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია. შედეგად, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ვერ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხიანი მომსახურება

-2017-2018 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს გრანტის სახით გადაეცა ფინანსური რესურსი. მერიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა აქტივობები განახორციელა ა(ა)იპ-მა და შედეგად რა სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა.

Facebook Comments
x

Check Also

“ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება. კობახიძე ...