Home » მთავარი » მოქალაქეებს საშუალება მიეცემა  პროკურორებთან და გამომძიებლებთან  ონლაინ-შეხვედრა გამართონ

მოქალაქეებს საშუალება მიეცემა  პროკურორებთან და გამომძიებლებთან  ონლაინ-შეხვედრა გამართონ

საქართველოს  პროკურატურამ,  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მორიგი ღონისძიებები განახორციელა. საზოგადოებრივ მისაღებებში  მოეწყო სპეციალური სივრცეები, სადაც  გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში,  მოქალაქეებს საშუალება მიეცემა  პროკურორებთან და პროკურატურის გამომძიებლებთან  ონლაინ-შეხვედრა გამართონ.

ასევე,  საქართველოს პროკურატურის  ყველა ოფისში  მოქალაქეთა  განცხადებების  და საჩივრების  მიღება   ხდება დისტანციური  წესით. საქართველოს  გენერალური,  საოლქო და რაიონული პროკურატურების მოქალაქეთა მისაღებში დაიდგა სპეციალური ყუთები, რომელშიც მოქალქეებს შეუძლიათ განათავსონ  საჩივარ/განცხადებები. ყუთი სანიტარულ-ჰიგიენური  წესების დაცვით  დღის  განმავლობაში რამდენჯერმე გაიხსნება. დოკუმენტები დარეგისტრირება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში და გადაეცემა ადრესატებს. განცხადება/საჩივრების გადმოგზავნა   შესაძლებელია აგრეთვე  ელექტრონულ ფოსტაზე  – kancelaria@pog.gov.ge   და  ფოსტით მისამართზე – თბილისი, ვ.გორგასლის ქ. 24 , ინდექსი − 0114.

საშვთა ბიუროსა და კანცელარიის თანამშრომლების მოქალაქეებთან  პირადი კონტაქტის თავიდან  არიდების მიზნით, დამონტაჟდა დამცავი შუშები.  საქართველოს პროკურატურის ოფისებში გადაუდებელი აუცილებლობით  შესვლისას მოხდება მოქალაქეებისთვის დისტანციური თერმომეტრით ტემპერატურის შემოწმება და ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.  საქართველოს პროკურატურის ყველა ოფისი პერიოდულად მუშავდება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს  პროკურატურის თანამშრომლებს მიეცათ შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც   საქართველოს  პროკურატურის ის თანამშრომელი, რომელიც იმყოფებოდა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში – საქართველოში დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში არ  უნდა გამოცხადდეს  სამსახურში,  ასევე არ უნდა გამოცხადდეს სამსახურში თუ  ჰქონდა კონტაქტი  ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან,  ან მასთან ერთად მცხოვრებ პირთან, ასევე თუ ჰქონდა კონტაქტი პირთან, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. აღნიშნული ისტორიის მქონე პროკურატურის თანამშრომლები უნდა დარჩნენ თვითიზოლაციაში.

რეკომენდაციების მიხედვით, სამსახურში არ უნდა გამოცხადდნენ ორსულები და უშუალო ხელმძღვანელთან  შეთანხმებით,  ქრონიკული  ან  ჯანრთელობის სხვა პრობლემის მქონე თანამშრომლები. ასევე, საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს 60 წელს გადაცილებულ თანამშრომლებს, ხოლო 70 წლის და ზევით მყოფ თანამშრომლებს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა. დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მიეცათ არასაპროკურორო საქმიანობის იმ  თანამშრომლებსაც, რომლებსაც შეუძლიათ სახლიდან შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები.

საქართველოს პროკურატურის ოფისებში შეიზღუდა საჯარო ღონისძიებების ორგანიზება გარეშე პირების მონაწილეობით. გადაუდებელი შემთხვევების გარდა, ასევე შეიზღუდა სამსახურებრივი მივლინებები.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს პროკურატურა პროკურატურის თანამშრომლებს და მოქალაქეებს მიმართავს, დაიცვან ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული  ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

 

Facebook Comments
x

Check Also

დიდი კომპანიების რეკლამებს ვხედავთ, როგორ ეხმარებიან, არადა სხვები უფრო მეტს აკეთებენ…

სამოქალაქო აქტივისტი, ნანა ბაგალიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: ”წნორელ მეწარმეს, ავთო ტუხაშვილს დავურეკე 500 კილოგრამი ფქვილის ...