Home » მთავარი » გიორგი გახარია ონლაინ გაყიდვებზე…

გიორგი გახარია ონლაინ გაყიდვებზე…

გიორგი გახარია ონლაინ გაყიდვებზე – უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი – პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, უახლოეს დღეებში მიიღებს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას

არავის არაფერი არ აუკრძალავს, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, დავინტერესდეთ რა პირობებია საჭირო ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად და ამის შემდგომ შესაბამის შტაბში მივიღოთ მუშაობის ნებართვა, აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს და ვერ იარსებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ონლაინ გაყიდვებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და დაინერგოს მომსახურების დისტანციური ფორმები.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომსახურების სფერო არის ის სფერო, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანები მოძრაობენ, როგორც „ბექში“, ასევე ყველაზე მეტი შემხებლობა აქვთ კლიენტთან, ჩვენს მოქალაქესთან. ამიტომ, აქ, სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებებიდან, ისევე, როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ელემენტარული პირობების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, უახლოეს დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას. საერთოდ, ჩვენ ვსაუბრობთ მძიმე საკარანტინო პირობებზე, რაღაც შეზღუდული პერიოდით. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ჩვენი ფინანსური რეზერვი არ არის დიდი, ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეების განმავლობაში ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სახლში ჯდომა, სამწუხაროდ. ჩვენ ყველას ერთად, რამდენადაც გამომწვევი არ უნდა იყოს ეს სიტუაცია, მოგვიწევს შრომის დაწყება და ეს პერიოდი დადგება ძალიან მალე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავრობის ძირითადი პრინციპია – მინიმალური ზიანი ეკონომიკას.

„ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, ყველა შემთხვევაში ვსაუბრობთ ბიზნესზე, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე, მაინც გამოვდივართ კოვიდ-19-დან იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ახლა ვართ. მთავარია სულისკვეთება. ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ მინიმალური ზიანი ეკონომიკას. მაგრამ, რამდენჯერმე ვთქვით, რომ ეს არის შეზღუდვები, რომელიც საჭიროა დღეს და არის დროებითი. ამ პირობებშიც, როდესაც ქვეყანაში გამოცხადებულია კარანტინის საკმაოდ მძიმე ფორმა, მაგრამ ეს არ არის სრული კარანტინი, დღის განმავლობაში, იმ დარგებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დაშვებულია, სამსახურშიც მოძრაობენ, მათ გადაადგილების არანაირი პრობლემა არ აქვთ. დღეს, ევროპის უმრავლეს დედაქალაქში, უბრალოდ სახლიდან გამოსვლა წუთებით შეზღუდულია და ამას სპეციალური ნებართვები სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მსხვილი სისტემური საწარმოები, რომელთა გაჩერებაც სერიოზული დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, მუშაობას გააგრძელებენ.
„მათ ექნებათ კონკრეტული პირობები უსაფრთხოების და პირველ რიგში, ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. ისინი იღებენ ამ პასუხისმგებლობას, რომ დააკმაყოფილებენ ამ პირობებს, დაწყებულს თავიანთი თანამშრომლების ტრანსპორტირებით, შემდგომ – ადგილზე შრომის პირობებით, თანამშრომელთა ჯანმრთელობის კონტროლის, ტემპერატურული სკრინინგის და კიდევ ბევრი რამის ჩათვლით. ამ პირობებში, სისტემური საწარმოები აგრძელებენ მუშაობას და ეს ეკონომიკის საკმაოდ დიდი ნაწილია“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა სამშენებლო სექტორსა და სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება გაგრძელდება.

„მშენებლობის სექტორი და სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული როგორ სწრაფად განვითარდება ეკონომიკა პოსტკრიზისულ პერიოდში, რა თქმა უნდა, ასევე აგრძელებენ ფუნქციონირებას, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის პირობების სრული დაცვით. ისევე, როგორც სისტემურ დარგებთან ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათაც არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში. ამასთან ერთად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დისტანციური მომსახურების ზოგიერთი ფორმა მოითხოვს „ბექ ოფისში“ საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანის შრომას. ჩვენ ყველა მივესალმებით იმას, რომ დიდი სავაჭრო ქსელები დისტანციურ მომსახურებაზე გადალაგდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე გარკვეული შეღავათების კუთხით და ა.შ.“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეწყდა.

საქართველოში ონლაინგაყიდვები შეწყდა, ჯარიმა 15 ათასი ლარი

Facebook Comments
x

Check Also

როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით გამარჯვებისთვის…

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით ...