Home » მთავარი » „პოპულისტური განცხადებები არის დილეტანტური და მოკლებულია არსს“

„პოპულისტური განცხადებები არის დილეტანტური და მოკლებულია არსს“

„ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე – ხორბლით მომარაგებაზე მინდა კომენტარი გავაკეთო. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, მედიაშიც იყო კითხვები დასმული, მსოფლიოში ნომერი პირველი ექსპორტიორის, რუსეთის ფედერაციის მიერ ამოქმედებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი კვოტა, რომელიც  7 მილიონ ტონას განსაზღვრავდა მარცვლოვან კულტურებზე, ფაქტობრივად, ამოწურულია; შესაბამისად, 1 ივნისამდე მათ ექნებათ შეზღუდვები ხორბლის და მარცვლოვანი კულტურების ექსპორტთან დაკავშირებით.

ჩვენ არაერთხელ  განგვიცხადებია და გვაქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული, რომ  საქართველოს ხორბლით მომარაგება იყოს შეუფერხებელი. ქვეყანაში პურის ფასი არის გაკონტროლებული და შენარჩუნებული; ქმედითი მექანიზმები მუშაობს, რათა, სოციალური კუთხით, დამატებითი ტვირთი არ დააწვეს ჩვენს მოსახლეობას.

ხორბლის მარაგებთან დაკავშირებით, სამინისტრო ატარებს რუტინულ მონიტორინგს და ყველა იმ საჭირო ღონისძიებას, რაც აუცილებელია ქვეყანაში არსებული მინიმალური კრიტიკული მარაგების შესავსებად. გარდა ამისა, ჩვენ დამატებითი ინსტრუმენტები შემოვიღეთ იმისათვის, რომ იმპორტიორებისთვის მიგვეცა საშუალება ჰქონოდათ იაფფასიანი ფულადი რესურსები მეტი მარაგების შექმნისთვის. ეს ღონისძიებები ემსახურება იმას, რომ კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებით არის გამოწვეული, ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის პოპულისტური განცხადებები, რომელიც გარკვეულ ოპოზიციურ ძალებს ჰქონდათ, კრიტიკა სამინისტროს და, ზოგადად, მთავრობის აგრარული პოლიტიკის მიმართ, არის დილეტანტური და, ხშირ შემთხვევებში, მოკლებულია არსს.  მათ არ აქვთ ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ აქვთ პროფესიული ცოდნა, რომ სწორად შეაფასონ ვითარება, სწორი დასკვნები გამოიტანონ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ  ჩვენი პოლიტიკა აგრარულ დარგში თანმიმდევრულია პირველი დღიდან. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში გაჩნდა პირველად კერძო სექტორზე მიმართული დახმარების სახელმწიფო პროგრამები აგრარული მიმართულებით. მანამდე იყო  სახელმწიფოს ინტერვენციები  სახელმწიფოს კომპანიების შექმნის და განვითარების მიზნით, მაგრამ კერძო სექტორის ასეთი მხარდაჭერა, აგრარულ სექტორში რამდენიმე ასეულ მილიონიანი მხარდაჭერა არასდროს ყოფილა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...