Home » მთავარი » ფიზიკურ პირებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სურვილის შემთხვევაში საბანკო სესხების დაფარვის ვადა კიდევ გადაეწევათ

ფიზიკურ პირებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სურვილის შემთხვევაში საბანკო სესხების დაფარვის ვადა კიდევ გადაეწევათ

მთავრობა და საბანკო სექტორი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ერთობლივ მუშაობას განაგრძობენ

საქართველოს მთავრობა და საბანკო სექტორი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ერთობლივ მუშაობას აგრძელებენ, – პრემიერ-მინისტრის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მხარეებმა იმსჯელეს ეკონომიკის რაც შეიძლება მოკლე ვადებში გაჯანსაღების მიზნით ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის მიზნით მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე. ყურადღება დაეთმო იმ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებას სახელმწიფო ამ სექტორისა და იქ დასაქმებული ადამიანების მხარდასაჭერად გეგმავს.

მიმდინარე საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო უკანასკნელი პერიოდის ეკონომიკურ აქტივობას, რაც საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს.

სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს შესაძლო დამატებითი ზომები იმ მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებმაც ეპიდემიის გამო სამსახური და შემოსავლის წყარო დაკარგეს.

ფიზიკურ პირებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სურვილის შემთხვევაში საბანკო სესხების დაფარვის ვადა კიდევ გადაეწევათ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობამ საბანკო სექტორთან შეხვედრაზე მიიღო.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი 3 თვით გადაუვადა. ეს 3 თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა გუშინ ასეთი შეხვედრა და ასევე მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს: ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი 3 თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება 3 თვით. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შემოსავალი შეუმცირდა და აქვს კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საპროცენტო გადასახადის გადავადება 3 თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განმარტა პრემიერმა.

Facebook Comments
x

Check Also

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, უსწრაფესად დაისაჯონ მის დამკვირვებელზე თავდამსხმელები

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, უსწრაფესად დაისაჯონ პირები, რომლებიც ორგანიზაციის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს მარნეულში თავს დაესხნენ. გიორგი მუმლაძე, რომელიც მარნეულის საარჩევნო ოლქში სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს, შეესწრო ფაქტს, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამ წარმომადგენელს თავს დაესხნენ. დამკვირვებელს აღნიშნული ფაქტის ტელეფონით დაფიქსირებაში ხელი შეუშალა „ქართული ოცნების“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსმა ამირან გიორგაძემ, რომელმაც ჯერ ტელეფონი ხელიდან გააგდებინა მუმლაძეს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. გიორგი მუმლაძემ უკვე მისცა ჩვენება ადგილობრივ სამართალდამცველებს, მის მიერ დასახელებული და იდენტიფიცირებულია ყველა პირი, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შესაბამისად, მოვითხოვთ, უსწრაფესად დაისაჯონ ისინი და მიეცენ პასუხისგებაში. ასევე, ვგმობთ მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტებს ოპოზიციური პარტიის და მედიის წარმომადგენლების მიმართ. „მარნეულში და ბოლნისში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია უკვე დიდი ხანია გასცდა კანონით დადგენილ ჩარჩოებს. ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა არაერთი სამართალდარღვევის ფაქტი. აღნიშნულის შესახებ  „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა რამდენჯერმე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და მოითხოვა დამკვირვებლების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლებიც ადგილზე ჩავლენ და განახორციელებენ სადამკვირვებლო მისიას. მომხდარი ძალადობის ფაქტებიდან გამომდინარე შეუძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ ქვეყანაში ჩატარდება დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, ჩაატარებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და უსწრაფესად დასაჯოს ჩვენს დამკვირვებელზე, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდამსხმელები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ძალადობის წახალისება და საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო დაიძაბება. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ...