Home » მთავარი » გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა NCDC-ის უდიდეს წვლილს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა NCDC-ის უდიდეს წვლილს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში

პრემიერ-მინისტრმა NCDC-ის და ლუგარის ცენტრის თანამშრომლებს ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამუშაოსთვის მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრისას, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა NCDC-ის უდიდეს წვლილს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ სწორედ ცენტრის დამსახურებით, საქართველომ, ჯერ კიდევ პანდემიის გამოცხადებამდე, მნიშვნელოვანი პრევენციული ზომები გაატარა. პრემიერის შეფასებით, ცენტრის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ქვეყნის ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლირებადია, რამდენადაც კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში – ეპიდზედამხედველობაში, კონტაქტების გამოკვლევაში, ლაბორატორიულ დიაგნოსტირებაში, კოორდინაციაში საკვანძო როლს სწორედ NCDC-ი ასრულებს.

პრემიერი ასევე გაეცნო ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მუშაობის ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოში აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნა და 2013 წლის მაისში მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადასცა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ კვლევების, მათ შორის COVID-19-ის კვლევების შესახებ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის ტარდება. ლუგარის ცენტრმა COVID-19-ის კვლევები 30 იანვრიდან დაიწყო. ტესტირების გაფართოებასთან ერთად დიაგნოსტირებაში ჩაერთო 18 ლაბორატორია. თუ მარტში დღიურად 73 კვლევა ტარდებოდა, ზაფხულის პერიოდში ტესტირება გაფართოვდება და აგვისტოში ეს რიცხვი 4 000-ს მიაღწევს, ხოლო შემოდგომისთვის, დღეში 10 000-მდე ნიმუშის ტესტირება იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიის საქართველოში არსებობა ქვეყანას აძლევს საშუალებას, ეფექტიანად შეძლოს სხვადასხვა საშიში დაავადების დიაგნოსტირება და ეპიდზედამხედველობა, რიგ შემთხვევაში კი – რეგიონში ექსკლუზიურადაც. გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლის მხარდაჭერის შედეგად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი დღეს წარმატებით ფუნქციონირებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიღებული დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილებებისთვის, რომელთა შედეგია ის, რომ COVID-19-თან ბრძოლაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები სამაგალითოა როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნისთვის.

Facebook Comments
x

Check Also

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებენ, გაიხსნებიან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებენ, გაიხსნებიან. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ...