Home » მთავარი » არა დიდ ჰესებს!!! – ღია წერილი პრემიერს

არა დიდ ჰესებს!!! – ღია წერილი პრემიერს

“ერი და სახელმწიფოს” ლიდერი ზვიად ტომარაძე საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას ღია წერილიოთ მიმართავს.

არა დიდ ჰესებს!!!

საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბ–ნ გიორგი გახარიას

ბ–ნო გიორგი,
მივესალმები ხელისუფლების ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიმართულია ენერგოდამოუკიდებლობისაკენ, მითუმეტეს თუ ჰესების მშენებლობა დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას. მაგრამ სამწუხაროდ, ჰესების (ონის კასკადი, ნენსკრა, ნამახვანი) აშენება არის ჩინოვნიკების ბიზნეს ინტერესები და არა ენერგოდამოუკიდებლობისკენ გაგადგმული ნაბიჯი. ხელისუფლების გადაწყვეტილების ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებით გამართლება, არასწორია, რადგან აღნიშნული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 90% იმ პერიოდზე მოდის, როდესაც ქვეყანაში ისედაც ჭარბი ენერგია გვაქვს და არა ზამთარში, როდესაც გვჭირდება.

სახელმწიფოს მიერ ჰესების მშენებელ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების გაცნობის შედეგად ირკვევა, რომ ხელშეკრულებები სახელმწიფოსთვის კაბალურია, ხოლო ტარიფი კი იმპორტულ ენერგიაზე ბევრად ძვირი და მზარდი. თუ წყლის უკმარისობით, ან სხვა მიზეზით ნენსკრამ საჭირო ენერგია ვერ გამოიმუშავა, ნენსკრასთვის ამ ზიანის ანაზღაურებას სახელმწიფო უზრუნველჰყოფს. ამ მაგალითიდანაც ჩანს, რომ სახეზეა სახელმწიფოსთვის კაბალური პირობები და იკვეთება ჩინოვნიკთა ინტერესები.

ყველაზე მთავარი საკითხი არის უსაფრთოება და ეკოლოგია, ჰესების აშენება ენორგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელიც რომც იყოს, მაშინაც კი დაისმებოდა კითხვა, რის ხარჯზე? გვიღირს თუ არა აღნიშნული ჰესების მშენებლობა მოსალოდნელი დიდი რისკის ფასად? რაჭაში სადაც ონის კასკადი უნდა აშენდეს, ბევრია ღვარცოფული მდინარეები, რომელიც დიდ საფრთხეს შეიცავს. მდინარე რიონის რამდენიმე კილომეტრიან გვირაბში მოქცევა კი, უსაფრთხოების გარდა, შეცვლის რაჭის ეკოსისტემას. გასათვალისწინებელია, რომ სამივე რეგიონი (რაჭა, ლეჩხუმი და სვანეთი) სადაც ჰესების მშენებლობაა დაგეგმილი, სეისმურად აქტიური ზონებს განეკუთვნება. რაჭაში აღნიშნული ჰესების აშენებით, ფაქტიურად უარს ვამბობთ ამ კუთხის საკურორტო პოტენციალზე.

ცალკე საუბრის თემაა, სამშენებლო კომპანიების პროფესიონალიზმი და კომპეტეცია, მაგალითად შუახევი ჰესის მშენებლობა, რომელიც 400 მილიონი დოლარი დაჯდა, 2013 წელს დაიწყო და საზეიმოდ 2017 წელს გაიხსნა, გახსნიდან ორ თვეში 37 კილომეტრიანი გვირაბი 8 ადგილას ჩამოინგრა. საოცარია, რომ ყოველივე ამის შემდეგ, ონის კასკადის მშენებლადაც იგივე კომპანია გვევლინება. შეგახსენებთ მესტიაჭალაჰესის ისტორიასაც , რომლის მშენებლობაში 50 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო, 2019 წლის 25 ივლისს მოხდა სტიქია, უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა, მყინვარების ინტენსიური დნობამ მდინარე მესტიაჭალის ხეობაში, გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, მესტიაჭალის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა, წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში. დაზიანდა ჰიდროელექტროსადგური „მესტიაჭალა 1“, რამდენიმე ნაგებობა დაინგრა და ქვა-ღორღმა დაფარა.
დღეს მსოფლიოში ჰესები ძალიან იშვიათად შენდება და ყველა სახელმწიფო ცდილობს ეკოლოგიურად უსაფრთხო მზის და ქარის ენერგიის გამოყენებას, მაგალითად გერმანიამ 2016 წელს მზის პანელების გამოყენებით გამოიმუშავა 40 მილიარდი კილოვატსაათი, რაც ჩვენს ელექტროსიტემაზე 4–ჯერ მეტია.

შეგახსენებთ 2019 წლის 21 აპრილს პანკისში ადგილობრივ უხუცესებთან შეხვედრაზე ნათქვამ თქვენს სიტყვებს, რომ პანკისში ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ადგილობრივი მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული სამართლიანი მიდგომა, გავრცელდება სვანეთზე, რაჭასა და ლეჩხუმზე.

ამავე თემაზე

GMTV -ს გადაცემა საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობაზე

Facebook Comments
x

Check Also

ახალი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა: „დღეს ვიწყებთ საგამოცდო ...