Home » ბლოგი » ჩოჩელი ხალხმა გამაცნო…ხოდა მომინდა თქვენთვისაც მეთქვა…

ჩოჩელი ხალხმა გამაცნო…ხოდა მომინდა თქვენთვისაც მეთქვა…

ბლოგი

ქეთი მიქაძე

ჩემო ძვირფასებო, სანამ რამეს გაიფიქრებდეთ, გთხოვთ ბოლომდე წაიკითხეთ რატომ დავწერე ახლა ეს ბლოგი, თქვენ ხომ იცით, იშვიათად ვწერ ჩემს აზრს და ახლა ძალიან მომინდა ჩემი სათქმელი თქვენთვის მეთქვა, რადგან ყველაზე ახლობლად სწორედ თქვენ, ჩემი მკითხველი და მაყურებელი მიმაჩნიხართ.

უბრალოდ, ძალიან მინდა ჩემი თვალით დანახული ცეზარ ჩოცელი გაგაცნოთ, რომელიც მე თავად ხალხმა გამაცნო…

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამ ახალმა ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, დამაინტერესა და კომენტარებს გადავხედე. საზოგადოების დიდმა ნაწილმა აქცენტი ძირითადად ცეზარ ჩოჩელზე გააკეთა. ზოგი აქებს, ზოგი უშვერი სიტყვებით ლანძღავს, ზოგი საჯაროდ მადლობას უწერს და იმ ისტორიას ყვება, რომელიც ჩოჩელს აკავშირებს…ზოგი რას და ზოგიც რას…ხოდა ძალიან მომინდა საზოგადოებისთვის ჩემი თვალით დანახული ცეზარ ჩოჩელი დამენახებინა.

სიმართლე გითხრათ, წლების წინ, სულ პირველად, როცა ცეზარ ჩოჩელზე სტატიის დაწერა გადავწყვიტე, ბევრი არაფერი ვიცოდი, მერე მის ბიოგრაფიას გავეცანი და ვნახე, რომ ბევრჯერ მოუხდა საქმის დაწყება ნულიდან, ბევრჯერ მოჰყვა მის ცხოვრებაში აღმართს დაღმართი, ბევრჯერ წაიქცა..თუ წააქციეს, მაგრამ წამოდგა და ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი…

ერთხელ თქვა – “ვაკეთებდით საქმეს, რომელიც სჭირდებოდა ქვეყანას. ვირჩევდით რთულ გზას, რამეთუ ჩვენს მიერ გაკეთებული საქმე ისტორიას დარჩება. ბევრს ჰგონია, რომ კომპანიები, რომლებსაც ჩვენი ოჯახი და მეგობრები ფლობენ, მხოლოდ ჩვენს საკუთრებას წარმოადგენს. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის საკუთრება, ჩვენი ხალხის და თითოეულის – ვინც სარგებელს იღებს ამ ყველაფრიდან; ეს იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, აქ დასაქმებული ადამიანები თუ სხვები. ამასთან, ეს არის ქვეყნის სახე.” -და მეც სწორედ ამან გადამაწყვეტინა ხალხთან მივსულიყავი და ეს სიტყვები გადამემოწმებინა.

მცხეთა მთიანეთის სხვადასხვა სოფელში გავედით, წინ ოპერატორი მიდიოდა, კამერის დანახვაზე ხალხი გვერიდებოდა, მაგრამ როგორც კი ვეუბნებოდი, მხოლოდ ჩოჩელზე მაინტერესებს თქვენი აზრი, სხვა არანაირი კითხვა არ მაქვსთქო-ჩერდებოდნენ, კითხვის დასმასაც არ მაცლიდნენ და თავად იწყებდნენ საუბარს, მერე თანასოფლელებს ეძახდნენ-მოდით, ჩოჩელზე აინტერესებთ და თქვენი აზრი თქვითო. აქვე იმას გეტყვით, რომ ყველა ჩანაწერი, ყველა კადრი შენახული გვაქვს, ისე, უბრალოდ არქივში ჩავდეთ, ეს იმისთვის, ვინმემ რომ არ თქვას, რამეს ვიგონებ ან ვალამაზებ.

გადავდიოდით სოფლიდან სოფელში და სულ ერთი და იგივე მესმოდა:

“ცეზარ ჩოჩელი – ეს ის კაცია, გუბერნატორად ყოფნის დროს, ყველა მის კუთვნილ პრემიას თანამშრომლებს რომ უნაწილებდა..

-ის კაცია, წეროვნის დევნილთა კოტეჯების მშენებლობისას, წვიმასა და ტალახშიც თავზე რომ ადგა მშენებლობის პროცესს..

-ეს ის კაცია, მშენებლობა და აღმშენებლობა ჰობად რომ აქვს და შეუძლია უბრალო მუშასთანაც ისევე იმეგობროს, როგორც ცნობილ ადამიანებთან…

 

-მე ხვალინდელი დღის-უკეთესი მომავლის მომხრე ვარ, დღეს ამ უკეთეს მომავალს ცეზარ ჩოჩელი ჰქვია და ისიც კარგად ვიცი, რომ მცხეთის რაიონში ყველა სოფლის მოსახლეობა ასე ფიქრობს…

 

ბავშვებიც მოდიოდნენ, თავისებურ ისტორიებს გვიყვებოდნენ და ფოტოები მოჰქონდათ ცეზართან გადაღებული.

 

ისევ სხვა სოფელი…ისევ ბევრი ხალხი და კეთილი ღიმილით გაღიმებული სახეები და ისევ მხოლოდ კარგი შეფასებები.

 

-ის ადამიანია, ვინც ყველას ეხმარება,  დახმარებია ყოველთვის და დაეხმარება მომავალშიც.

ადამიანმა თავისით შექმნა ყველაფერი, თავისით და არა მხოლოდ თავისთვის, ბევრი ოჯახი იხსნა სიღარიბისგან.

 

მახსოვს ერთი ქალბატონი მოვიდა (სახელი და გვარიც კი მახსოვს, მაგრამ ახლა არ დავწერ), ჩოჩელს არ ვიცნობ, მაგრამ რაც სხვებისგან გამიგია, მინდა გითხრათო.

-ხშირად მსმენია იმ ადამიანებისგან, რომლებიც პირადად იცნობენ, რომ ჩოჩელი საუკეთესოა ადამიანია, ალალი, მშრომელი  და მის გვერდითაც ნამდვილად მშრომელი ხალხია,  ყველა ქმნის თავად, არავის ართმევენ…არ ვიცნობ, მაგრამ აი, ამ ყველაფრის გამო ძალიან  ვაფასებ ბატონ ცეზარს, თავისი სიალალით, ადამიანობით ბევრი მოალაქის პატივისცემას იმსახურებს, მას თავისი ქვეყნის სიყვარული უხვად აქვს გამჯდარი.

 

ასეთი ძალიან ბევრი ისტორია მოვისმინე და მომინდა თავადაც გამეცნო ეს ადამიანი, დიახ, გაგიკვირდებათ და არ ვიცნობდი. ზედაზენში წავედით, ინტერვიუს ჩაწერაზე შეთანხმებული ვიყავი, წავიღეთ განათებაც, რადგან ბიზნესმენის კაბინეტში ჩაწერის დროს კადრები კარგი გამოსულიყო. რომ მივედით, ეზოში რამდენიმე ადამიანი იჯდა, იქ მომუშავეები იყვნენ, სანამ ოპერატორი კამერს აწყობდა, მეც ჩამოვჯექი, მკითხეს ვინ ხარ და რა გინდაო, ვუთხარი ბატონ ცეზართან მაქვს ინტერვიუ და ხომ არ იცით მისი კაბინეტი სად არისთქო. გაეცინათ – ცეზარს კაბინეტში რა უნდაო, მას აქ ეზოში მუშებთან და მუშაობის პროცესში თუ ნახავო, მერე ერთი კაცი ადგა, ჩემთან მოვიდა და მითხრა- მე ვარ ჩოჩელი და აბა, რას მიბრძანებთ, ჟურნალისტებო, სად ჩავწეროთო… ცოტა ხანს ხმა არ ამომიღია, ჩემს წარმოდგენაში შექმნილი ჰალსტუხიანი, გაბღენძილი ბიზნესმენი, რომელიც მუდამ საათზე იყურება და გაჩქარებს, ამდენი დრო არ მაქვსო ერთიანად დაიმსხვრა და სულ სხვა ადამიანად მომევლინა ცეზარ ჩოჩელი…

 

არ მიყვარსო კამერები, ინტერვიუების კაცი არ ვარო, მაგრამ საკმაო ხანს ვისაუბრეთ, სანამ ინტერვიუს ვწერდი მისი ტელეფონი არ გაჩერებულა, ზარების უმეტესობა დახმარების და დასაქმების თხოვნა იყო და ცეზარიც, როგორც კი ზარი ადამიანებს შეეხებოდა, ბოდიშს გვიხდიდა და ამ საქმეებზე ვიღაცეებთან რეკავდა – მეც მიჭირდა, ვიცი რას ნიშნავს გაჭრვების დროს გვერდით დგომაო…აი ამიტომაა, რომ 1991 წლიდან მოყოლებული, ცეზარ ჩოჩელისა და მისი ბიზნესჯგუფის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში 5 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

ახლა მთავარი – რატომ მოგაცდინეთ და რატომ მოგიყევით ამდენი – ისაუბრო ადამიანზე, რომელსაც არ იცნობ და არ იცი რა გაუკეთებია, ლანძღო მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც პოლიტიკოსი თუ პარტია მის წინააღმდეგ გამოდის და ტრიბუნიდან ესვრის ტალახს, მე, როგორც ერთ მოქალაქეს არ მიმაჩნია სწორად. მე ცეზარ ჩოჩელი ხალხმა გამაცნო, ხალხმა, რომლებსაც ვენდობი და ხალხმა, რომლებმაც მისგან ყოველგვარი ანგარების გარეშე სიკეთე დაინახა, აი ამიტომ არ მოგიყევით მისი ბიზნეს-ისტორია, რასაც ყველგან წაიკითხავთ. ისე კი გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ, რადგან ნახავთ რომ მანაც ჩვენსავით იცის შრომის ფასი, იცის გაჭირვებაც და წარმატების სიხარულიც…

 

და ბოლოს, ჩემს მახსოვრობაში ცეზარ ჩოჩელი ყოველთვის დარჩება მუშებთან მჯდომი მოსაუბრე, რომელიც კამერასთან უხერხულად გრძნობს თავს და მხოლოდ საქმეზე და ახალ პროდუქციებზე სუბრისას იღიმება….

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...