Home » არჩევნები » საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობა

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში იმგვარი ფორმების გამოყენება, რომელიც 2 დღეა ვრცელდება. მათი განმარტებით, ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად სრული შესაძლებლობა აქვთ იხელმძღვანელონ სამართლებრივი ფორმებით.

“ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოების ინფორმირება საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ განხორციელებული ქმედებების და უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ, რამდენადაც ეს არის არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის, არამედ საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მიყენების მცდელობაც, რაც გამოხატულია ისეთ ქმედებებში, რომელიც ცალსახად მიზანმიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობის და მაღალი პროფესიული რეპუტაციის დაზიანებისკენ.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ცალსახად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვისაც აქვს უფლება დაესწროს კომისიის სხდომებს. გარდა ამისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს წარმოადგინოს მისი წარმდგენი სუბიექტი და იმავდროულად დაესწროს იმ კომისიის სხდომას, რომელშიც მას აქვს გავლილი სათანადო რეგისტრაცია. რაც შეეხება მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც უნდა იყვნენ კანონით დადგენილი წესით აკრედიტირებულები. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, პირი პარლამენტის წევრია თუ სხვა სტატუსის მატარებელი, ეს უფლებამოსილება ყველა აკრედიტირებულისთვის თანაბარია. ამასთან, არაუფლებამოსილი პირების კომისიის სხდომაზე უკანონო შეჭრა განიხილება, როგორც ადმინისტრაციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და საქმიანობაში ჩარევა.

აქედან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში იმგვარი ფორმების გამოყენება, რომელსაც ჩვენ 2 დღეა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ვისმენთ და ვხედავთ. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად სრული შესაძლებლობა აქვთ იხელმძღვანელონ სამართლებრივი ფორმებით.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ცალსახად ვაცხადებთ – როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების, ისე საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევისას, საარჩევნო კომისიები ხელმძღვანელობენ მხოლოდ საკანონმდებლო კრიტერიუმებით, პროფესიული გამოცდილებით და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული სარეკომენდაციო ხასიათის კრიტერიუმებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პირების საარჩევნო საქმიანობას წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ სხვადასხვა დამკვირვებელი ორგანიზაციები და მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ფაქტი მათი არაპროფესიული ან მიკერძოებული მუშაობის შესახებ არ დაფიქსირებულა.

შესაბამისად, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ არჩევის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები და შეფასებები კეთდებოდა არჩევის პროცესის დასრულებამდე, სხდომების დაწყებამდეც კი, რაც აშკარად წინასწარ მიზანმიმართულად დაგეგმილი კამპანიური შეტევის ხასიათს ატარებს.

საზოგადოებისა და ჩართული მხარეებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი კანონმდებლობის სრული დაცვით გამოცხადდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს სრულდება მათი არჩევის პროცედურები. პროცესის დასრულების შემდგომ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ყველა მხარეს, მათ შორის საერთაშორისო და დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეებისგან განსხვავებით, მიუკერძოებლად აფასებენ პროცესს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის მცდელობა ბოლო არაერთ არჩევნებზე დაფიქსირებულა, თუმცა ამას არ მოუხდენია ზეგავლენა ამომრჩევლის ნდობასა და დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებებზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს და წარმართავს საკუთარ საქმიანობას პროფესიული სტანდარტებით, რათა მოემსახუროს ამომრჩევლებს და მათი ხმა ზუსტად ასახოს არჩევნების შედეგებში,” – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, უსწრაფესად დაისაჯონ მის დამკვირვებელზე თავდამსხმელები

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, უსწრაფესად დაისაჯონ პირები, რომლებიც ორგანიზაციის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს მარნეულში თავს დაესხნენ. გიორგი მუმლაძე, რომელიც მარნეულის საარჩევნო ოლქში სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს, შეესწრო ფაქტს, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამ წარმომადგენელს თავს დაესხნენ. დამკვირვებელს აღნიშნული ფაქტის ტელეფონით დაფიქსირებაში ხელი შეუშალა „ქართული ოცნების“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსმა ამირან გიორგაძემ, რომელმაც ჯერ ტელეფონი ხელიდან გააგდებინა მუმლაძეს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. გიორგი მუმლაძემ უკვე მისცა ჩვენება ადგილობრივ სამართალდამცველებს, მის მიერ დასახელებული და იდენტიფიცირებულია ყველა პირი, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შესაბამისად, მოვითხოვთ, უსწრაფესად დაისაჯონ ისინი და მიეცენ პასუხისგებაში. ასევე, ვგმობთ მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტებს ოპოზიციური პარტიის და მედიის წარმომადგენლების მიმართ. „მარნეულში და ბოლნისში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია უკვე დიდი ხანია გასცდა კანონით დადგენილ ჩარჩოებს. ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა არაერთი სამართალდარღვევის ფაქტი. აღნიშნულის შესახებ  „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა რამდენჯერმე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და მოითხოვა დამკვირვებლების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლებიც ადგილზე ჩავლენ და განახორციელებენ სადამკვირვებლო მისიას. მომხდარი ძალადობის ფაქტებიდან გამომდინარე შეუძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ ქვეყანაში ჩატარდება დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, ჩაატარებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და უსწრაფესად დასაჯოს ჩვენს დამკვირვებელზე, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდამსხმელები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ძალადობის წახალისება და საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო დაიძაბება. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ...