Home » მთავარი » ინტერვენციების საშიშროება და საფრთხეები საქართველოსთვის

ინტერვენციების საშიშროება და საფრთხეები საქართველოსთვის

გიორგი ტომარაძე

ჯიპას საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი

  • დაპირისპირება მხარეებს შორის

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც 1988 წელს მთიანი ყარაბაღი სომხეთმა საკუთარ ტერიტორიად აღიარა, რასაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, 1992-94 წლებში,  შეიარღაბეული კონფლიქტი მოჰყვა მხარეებს შორს. შედეგად, სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია მოახდინა და თავისი შეიარაღებული ძალები განათავსა, რასაც, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანული მხარე არ ურიგდება და სომხეთს საკუთარი ტერიტორიის ოკუპაციაში ადანაშაულებს.

ამრიგად, მთიანი ყარაბაღი ე.წ. გაყინული კონფლიქტის ზონაა, სადაც სისტემატურად აქვს ადგილი მხარეთა შორის პროვოკაციებსა და მცირემასშტაბიან დაპირისპირებებს. ბოლოდროინდელი კონფლიქტიც ზემოხსენებული დაპირისპირების შედეგს წარმოადგენს, რომელიც საყურადღებოა, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონისა და საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საჭიროა, შეფასდეს ის საფრთხეები, რაც აღნიშნული კონფლიქტის ესკალაციასა და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებას შეიძლება მოჰყვეს.

 

  • ინტერვენციების საფრთხე

კონფრონტაციის გამწვავებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს კონფლიქტში სხვა სახელმწიფოთა ჩართვა. კერძოდ, გეოპოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური თუ სტრანსპორტო მნიშვნელობის გამო, კავკასიის რეგიონს დიდი სტრატეგული ფუქნცია აქვს არაერთი სახელმწიფოსათვის, რაც წარსულშიც არაერთხელ გამხდარა დაპირისპირების მიზეზი. მიმდინარე კონფლიქტის შემთხვევაშიც, არსებობს იმის საფრთხე, რომ ინტერვენცია განახორციელონ ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორებიც არიან რუსეთი და თურქეთი. კერძოდ, ორივე სახელმწიფოს აქვს რეალური ამბიცია იყოს რეგიონში წამყვანი ძალა და ჰქონდეს კავკასიაში მნიშვნელოვანი გავლენის სფეროები. აქედან გამომდინარე, საჭიროა შეფასდეს ის გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა, განაპირობოს მხარეთა ჩართვა კონფლიქტში.

თურქეთი

  ცნობილია, რომ თურქეთი ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანულ მხარეს, რომელსაც იგი თავის მოძმე ერს უწოდებს. ამას ისიც ემატება, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ იგი მზად არის დაეხმაროს აზერბაიჯანს. ამასთან, თურქეთის ჩართვას კონფლიქტში, შესაძლოა, რამდენიმე მიზეზმა შეუწყოს ხელი:

 

ა) ისტორიული კონტექსტი:  თურქეთსა და სომხეთს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომიდან იღებს სათავეს. კერძოდ, საერთაშორისო საზოგადეობა თურქეთს 1915-1918 წლებში განხორციელებულ გენოციდში ადანაშაულებს, რასაც მილიონამდე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მკვლელობა მოჰყვა.

 

ბ) პოლიტიკური კონტექსტი:  სომხეთი რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ხოლო რეგიონში_ უმთავრესი მოკავშირეა, რომელთანაც სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესები აკავშირებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი აქტიურად დაუჭერს მხარს სომხეთს, თურქეთმაც შესაძლოა, მიმართოს საპასუხო ზომებს და კონფლიქტში ჩართვა მოისურვოს აზერბაიჯანის დასახმარებლად. აქვე, აღსანიშნავია, რომ მსგავსად ყარაბაღის კონფლიქტისა, თურქეთსა და რუსეთს განსხვავებული პოზიციები აქვთ სირიისა და ლიბიის კონფლიქტებთან მიმართებით, სადაც ისინი ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან.

 

გ) ეკონომიკური კონტექსტი:  თურქეთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის როლს ასრულებს ნავთობისა და გაზის მიწოდების საკითხში. კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენს დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე თურქეთისათვის, რომელიც აღნიშნულ რესურსს ევროპას აწვდის. მიმდინარე კონფლიქტი კი საფრთხეს უქმნის ხსენებული რესურსების ტრანსპორტირებას, რაც ეწინააღმდეგება თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკურ ინტერესებს.

 

დ)  შეთანხმება: აღსანიშნავია, რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა 2010 წელს გააფორმეს ხელშეკრულება სტრატეგიული თანამშრომლობისა და ორმხრივი დახმარების შესახებ, რაც მხარეებს ავალდებულებს ურთიერთთანამშრომლობას, მათ შორის, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში.

 

 რუსეთი

რუსეთისთვის, როგორც ზემოთ აღინიშნა, სომხეთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში. თუმცა, თურქეთისგან განსხვავებით, რუსეთი არ აკეთებს ღია მხარდამჭერ განცხადებებს რომელიმე მხარის სასარგებლოდ. კერძოდ, მას ხელს აძლევს ყარაბაღის ე.წ. გაყინული კონფლიქტის ზონად დარჩენა, ვინაიდან ის მთავარი მეიდატორის როლს ასრულებს მხარეებს შორის, როგორც ეს გააკეთა 1994 და 2016 წლებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევისას. ეს კი რუსეთს მნიშვნელოვან ბერკეტებს აძლევს არსებითი პოლიტიკური როლი შეასრულოს რეგიონში და გაიმყაროს მასზე გავლენა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებთ, მათ შორის, რუსეთი იარაღის ერთ-ერთი  მიმოწდებელია აზერბაიჯანისთვის. ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზერბაიჯანს, განსხვავებით, საქართველოსა და უკრაინისგან, არ აქვს მისწრაფება იყოს ნატოს წევრი და ხშირად ის დასავლეთის კრიტიკასაც არ ერიდება. აქედან გამომდინარე, რუსეთისთვის კვლავ ხელსაყრელი იქნება შეასრულოს მომრიგებლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და არ სურს ცალსახად გამოხატოს მხარდაჭერა რომელიმე მხარის მიმართ.

მიუხედავად ამისა, ზემოთ ხსენებული გარემოებები არ გამორიცხავს რუსეთის შესაძლო ინტერვენციას კონფლიქტში. მის მონაწილეობას, შესაძლოა, ხელი შეუწყოს გარკვეულმა ფაქტორებმა. კერძოდ, რუსეთს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოზიციები უკავია სომხეთში, ვინაიდან მის ტერიტორიაზე განთავსებულია ორი რუსული სამხედრო ბაზა, რომლებსაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონში გავლენის სფეროს შესანარჩუნებლად. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი თავად ან მისი  მოკავშირის დახმარებით აშკარა უპირატესობას მოიპოვებს სომხეთზე, ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს სომხეთის ტერიტორიაზე. შედეგად, რუსეთის მიერ საპასუხო ქმედებების განხორციელება გახდება საჭირო, მით უმეტეს, ისტორიულად, რუსეთს ყოველთვის ჰქონდა ამბიცია ყოფილიყო წამყავანი ძალა რეგიონში. ამის გარდა, აღსანიშნავია ასევე, რუსეთსა და სომხეთს შორის 1992 წელს გაფორმებული ტაშკენტის შეთანხმება კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს დახმარება აღმოუჩინოს სომხეთს შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში.

 

საფრთხეები საქართველოსთვის

მთიან ყარაბაღში არსებული დაპირისპირება, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია საქართველოსთვის, რომელიც უშუალოდ ემეზობლება ორივე დაპირისპირებულ მხარეს. კონფრონტაციის გამწვავება და მისი ფართომასშტაბიან კონფლიქტად გადაქცევა ზიანის მომტანი იქნება საქართველოს ეკონომიკისათვისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. კერძოდ, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც გასათვალისწინებელია კონფლიქტის დრამატულად განვითარების შემთხვევაში:

 

) უსაფრთხოება

კონფლიქტის მასშტაბების გაზრდისა და სხვა სახელწმფიოთა ინტერვენციების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე იმისა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე და სატრანსპორტო დერეფანი გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული დახამრების, საბრძოლო მასალისა თუ ტექნიკის გადასაადგილებლად. ეს კი, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ამის განხორციელების საფრთხე უმთავრესად რუსეთისგან მომდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ მიზნებისთვის ირანის ტერიტორიის გამოყენებაც შეუძლია.

) მიგრანტები

საომარი მოქმედებები, როგორც წესი, წარმოშობს მიგრანტებს, რომელთაც სურთ თავი დააღწიონ შეიარაღებულ დაპირისპირებას და მის თანმდევ პრობლემებს. მოცემულ შემთხვევაში, გეოგრაფიული მდებარეობისა და რეგიონში შედარებით უსაფრთხო გარემოს არსებობის გამო, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორია შესაძლოა, მიგრანტების მიერ გამოყენებულ იქნას ერთგვარ თავშესაფრად და სატრანზიტო დერეფნად.

გ) ეთნიკური ჯგუფები

     საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებაც გასათვალისწინებელია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის უთანხმოება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ზემოაღნიშულ ორ ეთნიკურ ჯგუფს შორს.

) ეკონომიკური კონტექსტი

საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალმხრივი ეკონომიკური და სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებთ. კერძოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენს, რომლითაც ბუნებრივი რესურსები საქართველოს გავლით მიეწოდება თურქეთს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული მილსადენები მთიან ყარაბაღთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, რის გამოც, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, არსებობს შანსი იმისა, რომ საფრთხე შეექმნას აღნიშნული რესურსების ტრანსპორტირებას, რაც ასევე გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი გარემოებაა.

ბოლოს, ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ აღნიშნული კონფლიქტის გამწვავება ზიანის მომტანია, როგორც საქართველოს, ასევე საერთოდ რეგიონის სტაბილურობისთვის. აქედან გამომდინარე, სასურველია, ოფიციალურმა თბილისმა, როგორც კავკასიის გეოგრაფიულმა და პოლიტკურმა ცენტრმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კონფლიქტის შეწყვეტასა და მხრეთა შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაში.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...