Home » მთავარი » მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება…

მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება…

მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, ეს განსაკუთრებით აშკარაა და სახეზეა ევროპაში; ჩვენთანაც, ქვეყანაში, სამწუხაროდ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა მოგეხსენებათ, ჩვენ ამავე დროს, ვიმყოფებით წინასარჩევნო პროცესში, რამდენიმე დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეპიდემიაც, გლობალური პანდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

„მინდა, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ. მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე. წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვებისკენ. წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენების. ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომელიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავანახოთ მსოფლიოს, როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში, ერთ-ერთი საუკეთესო, დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება აქ, საქართველოში,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღაზე, რომელიც როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას მოიცავს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 1-ლი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში – ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოსახლეობას კომუნალური გადასახადი იმავე პრინციპით აუნაზღაურდება, როგორც ეს მოხდა ანტიკრიზისული გეგმის პირველ ფაზაში.

„ეს მოხდება ნოემბრიდან შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში და როგორც წინა ეტაპზე, შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატ-საათამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე ანაზღაურდება წყლის და დასუფთავების გადასახადი. ეს არის ის მინიმუმი, რითაც დღეს სახელმწიფოს შეუძლია, ჩვენს მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის და გლობალური კრიზისის გამო შემოსავალი დაკარგეს. გვესმის, რომ ჩვენს ბევრ მოქალაქეს მსგავსი მხარდაჭერა შეიძლება არ სჭირდება და მათ უკვე დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი თქვან მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა რთველის პროცესის შესახებ და მოსავლის წარმატებით ჩაბარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, ასევე გამოწვევებით სავსე რთველი პანდემიის პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს მევენახეებს, ჩვენს გლეხებს გვერდით დავდგომოდით. ეფექტურად ჩაიარა რთველმა რაჭა-ლეჩხუმშიც, სადაც ასევე რეკორდული მოსავალი – 1 400 ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იყო ჩაბარებული. ასევე ეფექტურად ჩატარდა როგორც ატმის, ასევე ვაშლის მოსავალი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და მინდა, მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ბატონ ლევან დავითაშვილს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა შემდგომი 3-წლიანი გეგმა, რომელიც 2022-2024 წლებს შეეხება და რომლის დასრულების შემდგომ, საქართველოს ევროპაში გაზიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება.

„დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომელიც 2021 წელს სრულდება. ჩვენ, რეგიონებში შეხვედრებისას ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს ჩვენ უნდა დავამტკიცოთ გაზიფიცირების შემდგომი 3-წლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს. გაზიფიცირების ამ გეგმის დასრულების შემდგომ, 2024 წლისთვის, ქვეყნის გაზიფიცირება, ფაქტობრივად, სრულად დასრულდება და საქართველოს ევროპაში გაზიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება, ეს იქნება დაახლოებთ 90 პროცენტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...