Home » ეკონომიკა » კოვიდ ისტერიის ფონზე ეკონომიკის გაჩერება საკმაოდ მძიმე ფასად გვიჯდება

კოვიდ ისტერიის ფონზე ეკონომიკის გაჩერება საკმაოდ მძიმე ფასად გვიჯდება

ნოდარ სირბილაძე

ეკონომისტი

ვიღებთ ვალებს და ვხარჯავთ არამიზნობრივად

ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა ყოველდღიურმა რაოდენობამ უკვე 3000 ადამიანს გადააჭარბა. მიუხედავად ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდისა, მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს. აქ ქვეყნის მასიურ ჩაკეტვაზე ლაპარაკიც აღარაა, რადგან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოს ეკონომიკა მეორე ლოკდაუნს უბრალოდ ვეღარ გაუძლებს. მაგრამ აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა, კერძოდ, თუ ინფიცირებულების ასეთი დრამატული ზრდის დროს ქვეყნის ეკონომიკას არ ვაჩერებთ, მაშინ რა საჭირო იყო 2020 წლის გაზაფხულზე ქვეყნის ჩაკეტვა, მაშინ როცა ინფიცირებულთა რაოდენობა საშუალოდ დღეში 10 კაცი იყო.

როგორც უკვე ვიცით, მიმდინარე წლის დასაწყისში კოვიდ ისტერიის ფონზე საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო შეზღუდვების პაკეტი მიიღო. ქვეყანაში შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება როგორც მუნიციპალურ, ისე საქალქთაშორისო დონეზე. დაიხურა რესტორნები, კაფე-ბარები. ასევე ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები უცხოელებისთვის. აიკრძალა ონლაინ ვაჭრობა. მარტივად რომ ვთქვათ, მარტში გატარებულმა შეზღუდვების პაკეტმა ქვეყნის ეკონომიკა, ფაქტოვრივად, გააჩერა. ამის შედეგი კი  ის იყო, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა.

ყველასთვის ნათელია, რომ ქვეყნის ბიუჯეტი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე ივსება. შესაბამისად, მაშინ როცა ეკონომიკა კრიზისში შევიდა ხელისუფლებას ინდივიდებისგან ნაკლები ფული შეუვიდა ბიუჯეტში, მეორეს მხრივ კრიზისის დროს მთავრობას უნდა განეხორციელებინა ფინანსური დახმარებები  მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის. გამოდის რომ მთავრობას ხარჯები ეზრდებოდა, ხოლო შემოსავლები უმცირდებდა. ასეთ დროს კი იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი. მაგალითად, უკვე წელს ბიუჯეტის დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 8.4%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა გასულ წლებში ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ის ფარგლებში მერყეობდა. ცხადია, როცა დეფიცი გეზრდება, ეს გაპი რამით უნდა შეავსო. სწორედ ამიტომ, მთავრობამ ვალების აღება დაიწყო.

2020 წლის სექტემბრის მონაცემებით საქართველოს მთავრობ ვალმა  დაახლოებით  30, 667 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც საშინაო ვალი მოცულობა დაახლოებით 5,967 მილიონი ლარია, ხოლო საგარეო ვალის 24,700 მილიარდი ლარი. აღსანიშნავია, რომ ვალის მოცულობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს გადააჭარბა. არადა გასულ წელს მთავრობის ვალის მთლიანი მოცულობა 20,623 მილიონ ლარს შეადგენდა.

სამწუხაროდ ეს კიდევ არ არის ყველაფერი, უფრო კონკრეტულად, როგორც ფინანსთა მინისტრმა გვითხრა მომავალ წელს საქართველოს მთავრობა ხარჯვით ნაწილის ზრდას ისევ განაგრძობს, რისთვისაც დამატებითი ვალების აღება იქნება საჭირო. სწორედ ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ სავალუტო ფონდთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ვალის გაზრდის შესაძლებლობა ექნება.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაჩერება საკმაოდ მძიმე ფასად გვიჯდება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვალების დაფარვა ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს ჩვენი გადახდილი გადასახადებით.  მთავრობას თავისი ფული არ გააჩნია და ის თვითონ ვერ გადაიხდის ამ ვალს, რომ არა გადასახადის გადამხდელები. აქ კიდევ ერთი კომპლექსური საკითხი ისაა, რომ ვალი, რომელსაც დოლარით ვიღებთ, რისკის შემცველია, რადგან ეროვნული ვალუტა არასტაბულურია. შესაბამისად, როდესაც ლარი დოლართან უფასურდება მომავალში უცხოური ვალდებულებების დაფარვისთვის უფრო მეტი ლარის გამოყენება მოგვიწევს. რასაკვირველია, როდესაც მთავრობა ამდენ ვალს იღებს თითოეული ლარი მაქსიმალურად ეფექტურად და მიზნობრივად უნდა იყოს გამოყენებული. თუმცა არის თუ არა მთავრობის დახმარებები მიზნობრივი  ეს მეორე საკითხია იმ ფონზე, როცა, ხელისუფლება 17 წლამდე ასაკის ბავშვებს 200 ლარიან დახმარებას უწევდა, ან, იპოთეკურ სესხებს ასუბსიდირებდა, ანუ თუნდაც ვაშლის სუბსიდიით იყო დაკავებული.

ამ რთულ ვითარებაში კიდევ ერთხელ ჩნდება კითხვა, ხომ არ იქნებოდა უკეთესი ქვეყნის ეკონომიკა თავის დროზე არ გაგვეჩერებინა. ჩვენს  ეკონომიკას რომ გლობალური კრიზისის ფონზე ზიანი მიადგებოდა ეს ფაქტია, მაგრამ ხომ არ შეიძლებოდა რომ ეს ზიანი ყოფილიყო მინიმუმამდე დაყვანილი, ვიდრე ახლაა.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...