ნიკოლოზ სიმონიშვილo: შსს-ს კვლავაც აქვს დიდი გამოწვევა, რომ ვერ ახერხებს გარკვეული ჯგუფების ძალადობის შეკავებას, ეს ყველაფერი კითხვებს და ეჭვებს აჩენს

საია-ს თავმჯდომარე, ნიკოლოზ სიმონიშვილმა გასული ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავაც აქვს ძალიან დიდი გამოწვევა, რადგან უწყება ვერ ახერხებს გარკვეული ჯგუფების ძალადობის შეკავებას და ეს ყველაფერი კითხვებს და ეჭვებს აჩენს.

მისივე განმარტებით, შესაძლებელია, რომ ის ძალები, რომლებმაც იძალადეს ბოლო დღეებში ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე, არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან.

„გუშინ ვნახეთ სამწუხარო ფაქტები. პოლიციის მოქმედებები შეიძლება უფრო ეფექტური იყო, ვიდრე გუშინწინ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ პოლიციის მოქმედებები ეფექტური იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავაც აქვს ძალიან დიდი გამოწვევა, რადგან ვერ ახერხებს გარკვეული ჯგუფების ძალადობის შეკავებას და ეს ყველაფერი კითხვებს და ეჭვებს აჩენს. შესაძლებელია, რომ ის ძალები, რომლებმაც იძალადეს ბოლო დღეებში ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე მიზანმიმართულად, არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან. ძალიან ცუდი ფაქტები ვნახეთ ჩვენ ასევე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის, თან ორჯერ. ეს ყველაფერი სიმბოლური აქტია იმისა, რომ ეს ადამიანები თავს ესხმიან იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვთავაზობენ”, – განაცხადა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილები 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამასთან, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს ხმაური და დაპირისპირება რამდენჯერმე იყო. სამართალდამცავებმა დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დააკავა.