დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს – დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის მედიასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას გმობს.

ამასთან, ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ ყველა დამნაშავე კანონის წინაშე პასუხს აგებს.

“ქართული კულტურა ყოველთვის იდგა ევროპულ ღირებულებებზე და ამასთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა ევროპასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაახლოებისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის როლი ფასდაუდებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

სრულიად მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში ხდებოდა, მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ, მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.

საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ფასეულობების სახელწმიფო მუდმივად იდგება ჩვენი საერთო ღირებულებების სადარაჯოზე”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილები 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამასთან, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს ხმაური და დაპირისპირება რამდენჯერმე იყო. სამართალდამცავებმა დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დააკავა.

ამასთან, მას შემდეგ რაც პოლიციამ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა და დაწვა.