პასუხისმგებლობას არ ვგრნობ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს – მეუფე იაკობი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის და ნინოწმინდის პანსიონის ახლად დანიშნული ხელმძღვანელის, მეუფე იაკობის განცხადებით, საპატრიარქო ძალადობაზე პასუხისმგებლობას “აბსოლუტურად” არ გრძნობს.

“ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრნობ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ პირად პასუხისმგებლობას, საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ ის ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ. მათ უკან ვინც იდგა, უშუალოდ თაბაგარზე და სხვებზე არ ვლაპარაკობ, ვინც მაგათ უკან იდგა და აძალებდნენ, არ შეეცვალათ და არ გადაეტანათ, მაგის პროვოცირებებს რომ აპირებდნენ, ვიცოდი”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა  5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

გუშინ კი აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. კერძოდ, აქციაზე შეკრებილები 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ  ხმაური და დაპირისპირება რამდენჯერმე იყო. სამართალდამცავებმა დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დააკავა.

ამასთან, მას შემდეგ რაც მდუმარე აქცია დასრულდა და პოლიციამ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა და დაწვა.