გია ხუხაშვილი მშობლებს: თუ თქვენ ეთანხმებით იმას, რაც გუშინ ხდებოდა, ხვალიდან აუკრძალეთ თქვენს შვილებს შორტებით, ფერადი მაისურებით, თავგადაპარსული, ან გრძელი თმებით, მაკიაჟით ქუჩაში გასვლა – თუ გააპროტესტებენ, სახლში დააბით

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხუხაშვილი აღნიშნული პოსტით მშობლებს მიმართავს და წერს, რომ თუ მათ არ მოსწონთ ის, რაც ბოლო ორ დღეში თბილისში ხდება, შვილებს შორტებით, ფერადი მაისურებითა და თავგადაპარსული სიარული აუკრძალონ.

“მშობლებო, თუ თქვენ ეთანხმებით იმას, რაც გუშინ ხდებოდა, ხვალიდან აუკრძალეთ თქვენს შვილებს შორტებით, ფერადი მაისურებით, თავგადაპარსული, ან გრძელი თმებით, მაკიაჟით ქუჩაში გასვლა. აუკრძალეთ იმათთან ურთიერთობა, ვინც ამ წესებს არ იცავს. თუ გააპროტესტებენ, სახლში დააბით, რადგან მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია და თუ არ ეთანხმებით, დაიცავით მათი და ამ ქვეყნის მომავალი,” – წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

გუშინ კი აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. კერძოდ, აქციაზე შეკრებილები 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ ხმაური და დაპირისპირება რამდენჯერმე იყო. სამართალდამცავებმა დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დააკავა.

ამასთან, მას შემდეგ რაც მდუმარე აქცია დასრულდა და პოლიციამ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა და დაწვა.