ევროკავშირის დროშის დაწვა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხეს ვერ შეუქმნის – კახი კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირის დროშის დაწვა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხეს ვერ შეუქმნის.

ასევე, კალაძემ მედიასთან საუბარში “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარი ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ ძალადობა ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს.

“ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ყველა წინააღმდეგი იქნება ძალადობის, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის, რაც კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის. რაც შეეხება ევროკავშირის დროშის დაწვას, ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს იმ მისწრაფებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს. ის, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ევროპელები, ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები პირველი რესპუბლიკის დროსაც იზიარებდნენ იმ ფასეულობებს, რასაც ევროპა და ევროპელობა ჰქვია”,-განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, პოლიცია მუშაობს, რომ მოხდეს დამნაშავეების იდენტიფიცირება.

„100-ზე მეტი ადამიანია დღეის მდგომარეობით დაკავებული სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ვიცი და ეს გაგრძელდება. ყველა მოძალადე არის დაფიქსირებული და ყველაფერს შესაბამისი რეაგირება მოყვება შსს-ს მხრიდან. შსს იყო ეფექტური, თითოეული პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასადაც და მინდა ყველა პოლიციელს მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები დილიდან მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. შსს-ის ცნობით, დაშავდა სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად რუსთაველის წინ აქცია გაიმართა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ ხმაური და დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე პირი დააკავა.

ამასთან, მას შემდეგ რაც მდუმარე აქცია დასრულდა და პოლიციამ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა.