კახა კალაძე – უმცირესობები ჩვეულებრივი ადამიანები არიან – ისევე სარგებლობენ იმ პროგრამებითა და სერვისებით, როგორც ჩვენ ყველანი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ყველა ადამიანის, მათ შორის, უმცირესობის წარმომადგენლების უფლებები დაცულია და განსხვავებული ორიენტაციის ან სარწმუნოების მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, არსებობს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს გააჩნია.

„ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება. მოდით, შევხედოთ რეალობას – განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, საზოგადოების ნაწილი არიან. წლების წინაც ასე იყო, ეს ადამიანები დღესაც არსებობენ და ალბათ, მომავალშიც იარსებებენ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ ვართ – ორი ხელი აქვთ, ორი ფეხი, მუშაობენ, თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო არავინ აგდებს სამსახურიდან და ისევე სარგებლობენ იმ პროგრამებითა და სერვისებით, როგორც ჩვენ ყველანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები დილიდან მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. შსს-ის ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელი დაშავდა. აქციის მონაწილეებმა “პრაიდის” მხარდამჭერი ორგანიზაციებიც დაარბიეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ გაიმართა.

მეორე დღეს, 6 ივლისს, ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად რუსთაველის წინ აქცია გაიმართა.  ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ ხმაური და დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე პირი დააკავა. ამასთან, მას შემდეგ რაც მდუმარე აქცია დასრულდა და პოლიციამ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა.