კახა კალაძე – პროპაგანდა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად – შენი გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლებები არ უნდა დაირღვეს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არსებობს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს გააჩნია.  ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

კალაძე იმასაც დასძენს, რომ პროპაგანდა, მიზანშეწონილი არაა და ამით ერთი ნაწილის გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლებები არ უნდა დაირღვეს.

„არსებობს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აქვს ყველა ადამიანს, მაგრამ აქვე არსებობს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, შენი გამოხატვის თავისუფლებით, სხვისი უფლებები არ უნდა დაირღვეს. ეს ადამიანები არსებობენ და მათ ჩვეულებრივად აქვთ ცხოვრების შესაძლებლობა ყოველგვარი პრობლემების გარეშე , ჩვეულებრივად ცხოვრობენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ მიმართულების პოპულარიზაცია, პროპაგანდა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ეს არის ჩემი მოსაზრება. როდესაც ეს განცხადება გავაკეთე, ვერ წარმოიდგენთ რამხელა აგრესია წამოვიდა. შემიძლია, გაჩვენოთ კონკრეტული შეურაცხმყოფელი შეტყობინებები. ეს დამოკიდებულება ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის და საზოგადოებისთვის. ასეთი ძალების არსებობა და მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები დილიდან მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. შსს-ის ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელი დაშავდა. აქციის მონაწილეებმა “პრაიდის” მხარდამჭერი ორგანიზაციებიც დაარბიეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ გაიმართა.

მეორე დღეს, 6 ივლისს, ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად რუსთაველის წინ აქცია გაიმართა.  ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ ხმაური და დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე პირი დააკავა. ამასთან, მას შემდეგ რაც მდუმარე აქცია დასრულდა და პოლიციამ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა.