ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოსთვის 3 მლრდ 900 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება შესანიშნავად პასუხობს იმ გეგმებსა და ინიციატივებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის მიმართულებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას, მხარეებმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ 2021 წლის პირველი ნახევარი მაღალი დონის ვიზიტებით დატვირთული იყო, რაც ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების მაღალი დონის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ოლივერ ვაჰრეიმ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი 3 მლრდ 900 მლნ ევროს გამოყოფს საქართველოსთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შესანიშნავად პასუხობს იმ გეგმებსა და ინიციატივებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად რეგიონში. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირის უმაღლესი დონის ჩართულობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ევროკავშირის ერთგულების ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი იყო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებით დასრულებულ შეთახმებას, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იყო ის, რომ საქართველომ იტვირთა მედიატორის როლი, კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა მზაობა, მომავალშიც შეასრულოს შუამავლის როლი, რათა ხელი შეუწყოს დიალოგის პროცესს, რომელიც მიმართულია რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. საუბრისას ხაზი გაესვა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროკავშირის და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, მათ შორის შეზღუდვების შემსუბუქებისა და ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით და აღინიშნა, რომ ამ პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას და მდგრადობას.

შეხვედრაზე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე. ხაზი გაესვა შავი ზღვის პოტენციალის სრულად შესწავლისა და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებით, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია და მთავრობა ამ მიმართულებით ძალისხმევას არ იშურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუას და უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის მნიშვნელობას.

ევროკომისარმა ვარჰეიმ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა. პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის როლი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობის გზით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ავრცელებს.