პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ, ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება – ვახტანგ გომელაური

“თბილისში, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს,” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

„პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ. ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება“, – განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა მისთვის მიუღებელია.

შეგახსენებთ, დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილთან  პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები დილიდან მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. შსს-ის ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელი დაშავდა. აქციის მონაწილეებმა “პრაიდის” მხარდამჭერი ორგანიზაციებიც დაარბიეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ გაიმართა.

მეორე დღეს, 6 ივლისს, ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად რუსთაველის წინ აქცია გაიმართა.  ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ ხმაური და დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე პირი დააკავა. ამასთან, მას შემდეგ რაც მდუმარე აქცია დასრულდა და პოლიციამ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა.