გომელაური – თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ – უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიზმია

“თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ. უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიზმია,”- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გომელაურის თქმით, მას არ სურს, შეგნებულად დაასახელოს იმპირების ვინაობა, ვინც ამგვარ ინფორმაციას ავრცელებს.

„გავიგეთ, რომ არ იყო პოლიცია, ბრძანება გავეცი, რომ ჟურნალისტები სცემონ და თქვენ ხელი არ გაანძრიოთ. არც მინდა ამ ადამიანებს შეურაცხყოფა მივაყენო. თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ. უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიზმია. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, სახელი და გვარი დაავასახელო,”- აცხადებს გომელაური,.

გომელაური ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობას გმობს და აცხადებს,რომ 5 ივლისს პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო.

“რა თქმა უნდა, ვგმობ, სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ის, რომ პოლიცია გვერდზე იდგა, არ ინძრეოდა და საერთოდ არ ეხმარებოდნენ – ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ, თავები აქვთ გატეხილი, ოპერაცია გაუკეთეს, მოძალადეებს, ფიზიკურად რისი საშუალებაც იყო ვაკავებდით“, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები დილიდან მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. შსს-ის ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელი დაშავდა. აქციის მონაწილეებმა “პრაიდის” მხარდამჭერი ორგანიზაციებიც დაარბიეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ გაიმართა.

მეორე დღეს, 6 ივლისს, ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად რუსთაველის წინ აქცია გაიმართა.  ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ ხმაური და დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე პირი დააკავა. ამასთან, მას შემდეგ რაც მდუმარე აქცია დასრულდა და პოლიციამ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა.