„ლამბდა” უკვე გავრცელდა 30-ზე მეტ ქვეყანაში, ყველაზე საშიში არის K404N – გიორგი ფხაკაძე ახალი შტამების შესახებ საუბრობს

ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ კორონავირუსის ახალი ვარიანტების,  “ლამბდასა” და K404N-ის ვარიანტის შესახებ “რუსთავი 2″ ის  ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, „ლამბდა” შორეული ნათესავია ინდური შტამის, ხალხი ფრთხილად უნდა იყოს, ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 3 დღეში

როგორც იგი აცხადებს, აღნიშნული ვარიანტი უკვე გავრცელებულია 30-ზე მეტ ქვეყანაში და მისი გავრცელების ტემპი საკმაოდ მაღალია.

“შორეული ნათესავია ინდური შტამის. „ლამბდა” უკვე გავრცელდა 30-ზე მეტ ქვეყანაში, ძირითადად ლათინურ ამერიკაში ვრცელდება. ძირითადი 4 ვირუსია და ინდოეთში არის ქვე-ვირუსები. ყველაზე საშიში, რომელზეც ვიძახი, რომ ხალხი ფრთხილად უნდა იყოს, ეს არის K404N, რომელიც მართლა საშიშია და ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 3 დღეში. ინდური იმიტომ ჰქვია რომ ის იქ გაჩნდა, თორემ საქართველოში ბრიტანეთიდან არის ჩამოსული. მაგალითად, აშშ-ში 50% არის ე.წ ინდური შტამის. აგვისტოს ბოლომდე მთელი მსოფლიო ამ შტამზე გადავა. ეს ვარიანტები გაგრძელდება, სანამ ჩვენ არ გავაჩერებთ ამ ვირუსს და გაჩერების საშუალება არის ძალიან მარტივი, სამედიცინო პირბადე, არანაირი თავშეყრის ადგილები – არანაირი ქეიფები, მიტინგები, კონცერდები  და ვაქცინაცია,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.