საია-ს თავმჯდომარე – მზად ვართ, გავაგრძელოთ ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესების დაცვა – აუცილებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებები დროულად და ეფექტურად ჩატარდეს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დროულად და ეფექტურად ჩატარდეს.

მისი თქმით, საია 5 ივლისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მის ინტერესებს იცავდა და გარდაცვალების შემდეგ, კვლავაც გააგრძელებს ოჯახის ინტერესების დაცვას.

“ლექსოს ჩვენ ვიცავდით საქმეში, რომელიც შეეხებოდა მის მიმართ ძალადობის ფაქტებს. ლექსოს ინტერესი იყო, რომ ეს საქმე ბოლომდე მისულიყო. ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ მისი ოჯახის ინტერესების დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს პასუხი გაეცეს კითხვა, გამოიწვია თუ არა მის მიმართ ჩადენილმა ძალადობრივმა ფაქტებმა ის შედეგი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიხილეთ. ამისთვის აუცილებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებები დროულად და ეფექტურად ჩატარდეს. რამ გამოიწვია გარდაცვალება, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჩვენ მივიღებთ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით რა კითხვებიც არსებობს,ამოიწუროს. პირები,რომლებსაც შესაძლოა, ბრალი მიუძღვოდეთ ამ ყველაფერში, უნდა დაისაჯონ. ისმის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მის მიმართ ჩადენილმა ძალადობამ გამოიწვია ეს შედეგი, ეს კითხვა აქტუალურია და ჩვენც გვაქვს. თუ ეს ნამდვილად ასეა, ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს. ყველა მოძალადე პირი უნდა დაისაჯოს, შსს-ს ყველა არ დაუკავებია, ვინც მასზე ძალადობდა, იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო. აუცილებელია, რომ ისინი დროულად დააკავონ.

მოლოდინებზე საუბარი ამ ეტაპისთვის გამიჭირდება,მითუმეტეს, რომ ჩვენ ვნახეთ ძალიან სამწუხარო უმოქმედობა შსს-ს. პოლიციაც კი უსუსური იყო ამ ყველაფრის მიმართ და ვერაფერს აკეთებდა. აქედან გამომდინარე, ნაკლებად გვაქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლების მოქმედებები ეფექტური იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება იყოს დროული და ეფექტური”,- განაცხადა სიმონიშვილმა.