ექსპერტი ლაშქარავას გარდაცვალებაზე – ამ დროისთვის სიკვდილის მიზეზზე საუბრის საფუძველი არ არსებობს

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც „ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეში ოჯახის მოთხოვნითაა ჩართული აცხადებს, რომ ამ დროისთვის სიკვდილის მიზეზზე საუბრის საფუძველი არ არსებობს.

გეჯაძე ამბობს,რომ აუცილებელია  ექსპერტიზის პროცესში ნარკოლოგი ჩაერთოს, რადგან გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი ნივთიერებების ურთიერთზემოქმედება დადგინდეს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“მიმაჩნია, რომ მივმართო გამოძიებას ამ ექსპერტიზაში ნარკოლოგის, კლინიკური ტოქსიკოლოგისა და ნევროპათოლოგის ჩართულობის მიზანშეწონილობის თაობაზე, რადგან მოჭარბებული რაოდენობით არიან ნარკოტიკების მიმღები პირები მთლიანობაში.  ქუჩაში რომ გააჩეროთ 10-დან 2-3-ს შეიძლება, ჰქონდეს, თუ 5 კომპონენტი არა, 2-3 კომპონენტი მაინც იმ ნივთიერების, რაც აღმოაჩნდა გარდაცვლილს, მაგრამ ისინი დადიან, ცხოვრობენ, მუშაობენ.

სწორედ ამიტომ, მჭირდება მე ეს სპეციალისტები, რომ ერთად დავსხდეთ, ეს მონაცემები გავაანალიზოთ. თვისობრივად აღმოჩნდა ეს პრეპარატები, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობით იყო. ამ პრეპარატების ურთიერთდამოკიდებულებას მნიშვნელობა აქვს, ანუ აძლიერებენ თუ არა ისინი ეფექტს, ზემოქმედებას ახდენენ თუ არა უფრო მეტად ერთად აღებული სუნთქვის ფუნქციაზე, რამეთუ ამ დროს ძირითადად სიკვდილის მიზეზი არის სუნთქვის დამბლა ანუ სუნთქვის მწვავე უკმარისობა”, — განაცხადა გეჯაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მირანდა ბაღათურიასა და ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 5 პირი.