ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც ჟურნალისტები თავის ფუნქციას აღარ ასრულებენ და ღიად იჭრებიან პოლიტიკაში, ეს უკვე მედია აღარ არის

როდესაც ჟურნალისტები თავის ფუნქციას აღარ ასრულებენ და ღიად იჭრებიან პოლიტიკაში, ეს უკვე მედია აღარ არის. ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო, როდესაც მედიის წარმომადგენლები შემოიჭრნენ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში და გარკვეული პერიოდი არ აძლევდნენ საკანონმდებლო ორგანოს უფლებას, რომ დაეწყო სესია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს და პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამაში ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ.

„რომ არაფერი ვთქვათ მორალურ მხარეზე, ეს არის ძალიან ღია შემოჭრა პოლიტიკაში და შესაბამისად, ასეთი მედია ვერ ჩაითვლება ობიექტურ და თავისუფალ მასმედიად, რადგან ისინი უკვე პოლიტიკური პარტიების სამოსელს ისხამენ და უკვე პოლიტიკურ ბრძოლაში შემოდიან. ეს მანამდეც ასე იყო, თუმცა ამ ფაქტებმა საბოლოოდ დადასტურდა, რომ ესენი არიან პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამტარებლები და თვითონ უკვე ღიად შემოვიდნენ პოლიტიკაში, რაც თავის მხრივ ძალიან კარგია, რადგან ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება გამართონ აქციაც, მოითხოვონ, რაც სურთ. თუმცა მოძალადეების დასჯასთან დაკავშირებით საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ 22 პირი არის უკვე მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, 100 ადამიანია ადმინისტრაციულ წესით დაკავებული, ეს პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისად ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოძალადე დაისაჯოს და პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამაში ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.