თამარ გაბუნია: ბავშვებში შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა და ბოლო ორი დღეა, პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება გვიწევს

დღეისთვის ჯავშანი „ფაიზერის“ 12 ათას დოზაზეა გაკეთებული, ველოდებით დამატებითი დოზების შემოტანას – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ცოცხალ რიგზე საუბარი ნაადრევია, რადგან ცოცხალი რიგი გამოიწვევს კიდევ დიდ არეულობას.

„უკიდურესად დატვირთული იყო რეგისტრაციის პორტალი. დღეისთვის ჯავშანი „ფაიზერის“ 12 ათას დოზაზეა გაკეთებული. ვაქცინის მოწოდება უკვე დაიწყო. ჩვენ ველოდებით დამატებითი დოზების შემოტანას. ამგვარად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც აქვს სურვილი „ფაიზერის“ ვაქცინა მიიღოს, რა თქმა უნდა, მოახერხებს რეგისტრაციას. შევეცდებით, როდესაც „ფაიზერის“ რაოდენობა გაიზრდება ქვეყანაში, პორტალის გარდა სხვა მექანიზმებიც აქტიურად გამოვიყენოთ. ცოცხალ რიგზე საუბარი ნაადრევია, რადგან ცოცხალი რიგი გამოიწვევს კიდევ დიდ არეულობას, კლინიკების რაოდენობას შეასუსტებს. თუმცა, საინფორმაციო ტექნოლოგიების მობილიზება მოხდება იმ კუთხით, რომ დოზების მოწოდებასთან ერთად რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა „დელტას“ შტამის ცირკულაციის შესახებ. მისი თქმით, საქართველოში უკვე ლაბორატორიულად დადასტურებული 72 შემთხვევაა. ამდენად, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალი არააუცილებელი გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაა, რაზეც გასულ კვირას საკოორდინაციო საბჭომ უკვე იმსჯელა.

„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში შესაბამის დადგენილებებში იქნება ასახული. მაგალითად, საზაფხულო ბანაკებზე იყო ძირითადი აქცენტი, რადგან ბავშვთა ასაკის მოსახლეობაში განსაკუთრებით იმატა შემთხვევებმა და ბოლო ორი დღეა ჩვენ პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება გვიწევს, რაც კორონავირუსით ინფიცირების სხვა ტალღების შემთხვევაში საჭირო არ ყოფილა“, – დასძინა გაბუნიამ.