თამარ გაბუნია – ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 საწოლი და კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება

გასული 24 საათის განმავლობაში 1 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 11 გარდაცვალება. მსგავსი ტენდენცია იყო გასული კვირის განმავლობაშიც, რაც ცალსახად მიუთითებს იმას, რომ შეზღუდვების ამგვარმა შემსუბუქებამ და მობილობის გაზრდამ ინფექციის გავრცელება გამოიწვია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დელტა შტამის 72 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო ბოლო პერიოდში იყო პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნის გაზრდა. არც ერთი წინა ტალღის პერიოდში მსგავსი რამ არ მომხდარა და პედიატრიული საწოლები ყოველთვის დაუტვირთავი რჩებოდა, ბოლო პერიოდში კი მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებაც. ამ ეტაპისთვის მობილიზებულია 5 500 საწოლი და კვირის განმავლობაში დაემატება კიდევ საწოლების რაოდენობა იმგვარად, რომ ექვსი ათას საწოლამდე გაიზარდოს საწოლფონდი, რათა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების საჭიროება როცა იქნება, ამას ჰოსპიტალური სექტორი მომზადებული დახვდება. საყურადღებოა, რომ შემთხვევები იმატებს და მაქსიმალური ძალისხმევა გვჭირდება. მთავარი გადაწყვეტა სწრაფი ვაქცინაციის პროგრამა და პირადი დაცვის საშუალებები. ასევე, მიდის მუშაობა იმაზე, რომ რიგი არააუცილებელი გასართობი ღონისძიებები, მაგალითად ზაფხულის ბანაკები, ბავშვთა თავყრილობები, რაღაცნაირად შევზღუდოთ. განსაკუთრებით ბავშვებში იკვეთება შემთხვევების ზრდის მატება“, – განაცხადა გაბუნიამ.