პოლიციამ თელავში ძმების დაჭრის, ოჯახში ძალადობის და ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა თელავში ძმების დაჭრის, ოჯახში ძალადობისა და ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ის ცნობით,  2000 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახში ძალადობის, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნაცნობ ქალს -1989 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათი კონფლიქტით გამოწვეული ხმაურის გამო, გ.გ.-ს შელაპარაკება მოუხდა მეზობლად მცხოვრებ ძმებთან – 1999 წელს დაბადებულ თ.რ.-სთან და 2004 წელს დაბადებულ ნ.რ.-სთან, რომლებსაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.“- ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დანაშაულები 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.