გამყრელიძე – 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების ფაიზერით აცრას მომავალ კვირაში დავიწყებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ფაიზერით” 16 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ გამყრელიძემ “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, უფრო ადრეულ ასაკში ვაქცინაცია თითქმის ჯერ არსად დაწყებულა და საქართველოც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს ელოდება.

“16 წლიდან დავიწყებთ ჩვენც ვაქცინაციას ფაიზერით. უკვე მომავალ კვირაში მინისტრის ბრძანება იქნება ამასთან დაკავშირებით. ბრიტანეთში უკვე 12-დან 15 წლამდე ცრიან, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში და რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ძირითადად FDA-ს რეგულაციები მუშაობს. უფრო ადრეულ ასაკში ჯერჯერობით არსად დაწყებულა ვაქცინაცია და იგივე 12-15 წელზეც, უმრავლეს ქვეყნებში ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.