ალეკო ელისაშვილი – რომ გითხრათ, გომელაური თუ გადადგება, ღამეს უფრო ღრმა ძილით დამეძინება, ასე არაა – მისი ღირსეული საქციელი იქნება, ბოდიში რომ მოიხადოს

ვახტანგ გომელაურისგან ღირსეული საქციელი იქნება, რომ პარლამენტში მოვიდეს, ბოდიში მოიხადოს დაშავებული ადამიანების მიმართ და თქვას, რომ მან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, 5 ივლისს თავი ვერ გაართვა უფლებამოსილების შესრულებას და უნდა გადადგეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავარია პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოვლინება და არა ვინმეს გადაყენება.

„ამ ვითარებაში, ეს იქნებოდა ძალიან ღირსეული ნაბიჯი, მაგრამ გომელაური როგორ მოიქცევა, ვერ გეტყვით. ვინმეს თანამდებობიდან გაშვება არ მიხარია, ჩემთვის მთავარია პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოვლინება – როცა დააშავებ, შემდეგ გადადგე. რომ გითხრათ, გომელაური თუ გადადგება, ღამეს უფრო ღრმა ძილით დამეძინება, ასე არაა, მაგრამ თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, ბოდიში უნდა მოიხადოს, სკამს არ ჩაებღაუჭო და უნდა გადადგე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.