„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადებით, პურზე ფასის მატება ფქვილისა და დამხმარე მასალების გაძვირებით არის განპირობებული

„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურპროდუქტზე ფასის მომატების მიზეზი ძირითადი ნედლეულის, ფქვილის და დამხმარე მასალების გაძვირებაა.

მისივე თქმით, კომპანიები ფქვილის ღირებულებიდან გამომდინარე, იძულებული იყვნენ, კორექტირება შეეტანათ ზოგიერთ ასორტიმენტზე.

„ძირითადად ეს არის მასობრივი ასორტიმენტი, რომელიც იყო სუბსიდირებაში. იცით, სუბსიდირება დასრულდა მიმდინარე თვის პირველ რიცხვში და კომპანიები ფქვილის ღირებულებიდან გამომდინარე, იძულებული იყვნენ, კორექტირება შეეტანათ ზოგიერთ ასორტიმენტზე. მხედველობაში მაქვს ქვის პური, თეთრი პირველი ხარისხის პურის ფასი დაახლოებით შეცვლილი არის 10 თეთრით. აქვე მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ მოვუმატეთ 10 თეთრი, მაგრამ არ ვარ პასუხისმგებელი, მაღაზიები როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში. იცით, ფასების ლიბერალიზაციაა.

ზოგმა შეიძლება ეს ფასი თავისი შეხედულებით ცოტა მეტიც დაადოს, რაც მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არასწორი მოქმედება იქნება მათი მხრიდან. რატომ მოიმატა ათი თეთრით? საქმე ისაა, რომ სუბსიდირებული ფქვილი იყო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მწარმოებელს ერთი ტომარა ფქვილი 53 ლარად მიეწოდებოდა. დღეს ერთი ტომარა ფქვილის ფასი წისქვილებიდან არის 60-61 და 62 ლარი.

აღნიშნული განსხვავება არის წარმოებისთვის აუცილებელი, რომ პურის წარმოების თვითღირებულებაში ჩაჯდეს და მისი რენტაბელობიდან გამომდინარე, ათთეთრიანი სხვაობა ამით არის განპირობებული“, – განაცხადა „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.