გიგა ბოკერია – ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრაციულად დაარღვია შეთანხმება – ჩვენი პარტნიორების რეაქცია აბსოლუტურად ბუნებრივია, მე ვიტყოდი, დაგვიანებული, მაგრამ ლეგიტიმური

ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრაციულად დაარღვია შეთანხმება, რომელიც თვითონ აიღო, რომელიც ჩვენი აზრით, სრულფასოვანი თავიდანვე არ იყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორები მხარს უჭერენ ქართველი ხალხის არჩევანს და არა რომელიმე მთავრობას.

„ჩვენი პარტნიორების რეაქცია აბსოლუტურად ბუნებრივია, მე ვიტყოდი, დაგვიანებული, მაგრამ აბსოლუტურად ლეგიტიმური.

ისინი  მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ჩვენი ხალხის არჩევანს და არა რომელიმე მთავრობას, მით უმეტეს ისეთ მთავრობას, რომელიც ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და მინიმალურ პატივს არ სცემს საკუთარ საჯაროდ აღებულ ვალდებულებებს.

ამ ურთულეს ვითარებაში, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე იყოს ჩვენს პარტნიორებთან საუბარი, ამ თემებზეა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, ერთადერთი დასკვნაა, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს სხვა მთავრობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი  მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.