თემურ მიქელაძე: მშობლებს ვთხოვ, ბავშვების დასაცავად, ჩაიტარონ ვაქცინაცია – ნებისმიერი ვაქცინით, რაზეც ხელმისაწვდომობა ექნებათ და აუცილებლად პირბადით იარონ

პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი, „დელტა“ შტამი,  განსაკუთრებით აზიანებს ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს.

პედიატრი მშობლებს ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

„ახალი შტამით ინფიცირებულ 100-ზე მეტ პაციენტთან მომიწია ურთიერთობა და ჰოსპიტალიზაციის არცერთი შემთხვევა არ მქონია. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. დღეში, მხოლოდ მე, ერთ ექიმს, 5-დან 7-მდე ახალი დადასტურებული შემთხვევა მაქვს. რაიმე განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს, მაგრამ წლამდე ასაკის ბავშვებში, უფრო კლინიკური სიმძიმით მიმდინარეობს. იკვეთება გახანგრძლივებული ჰიპერთერმია და შეიძლება, თან ახლდეს ქვედა სასუნთქი გზების გართულება. მშობლებს ვთხოვ, ბავშვების დასაცავად, ჩაიტარონ ვაქცინაცია – ნებისმიერი ვაქცინით, რაზეც ხელმისაწვდომობა ექნებათ და აუცილებლად პირბადით იარონ“, – აცხადებს თემურ მიქელაძე.

დღეს,  ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცრებული 3 კვირის ჩვილი გარდაიცვალა.