მიხეილ სარჯველაძე – იმდენი რამ გვაერთიანებს აშშ-თან, რომ არ შეიძლება რომელიმე ცალკეულმა საკითხმა ჩრდილში მოაქციოს ყველა სხვა საერთო პოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრები გადაჭარბებულია, რადგან სანქციებისთვის საფუძველი და რაიმე წინაპირობა ნამდვილად არ არსებობს.

მისი თქმით, ეს არის რასაკვირველია, ოპოზიციის და საქართველოს არაგულშემატკივრების მხრიდან იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც გულისხმობს მეტი მღელვარებისა და პრობლემების გამოწვევას ქვეყანაში.

„მეტი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეღირსოთ ხელისუფლებაში მოსვლა ამ ძალებს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს წარუმატებლობისთვისაა განწირულია.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად თანხვედრაში რუსეთის პოლიტიკასთან, რომელიც გულისხმობს მაქსიმალურად დაშორებას საქართველოსი ევროატლანტიკური სტრუქტურებისგან, ეს არის მთავარი ამ შემთხვევაში და რასაკვირველია, არიან ამის მსურველი ოპოზიციონერები, რომელიც ამას დიდი სიამოვნებით შეუწყობენ ხელს და გამოიყენებენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, ემუქრება თუ არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს საფრთხე, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამის წინაპირობა ნამდვილად არ არსებობს.

„ჩვენ იმდენი რამ გვაერთიანებს და იმდენი რამ გვაქვს საერთო და ზიარი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც განაპირობებს თავის მხრივ იმას, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გახლავართ, არ შეიძლება რომელიმე ცალკეულმა საკითხმა ამ შემთხვევაში ჩრდილში მოაქციოს ყველა სხვა საერთო პოზიცია“, – განაცხადა სარჯველაძემ.